კაბალში სტიქიის 75 დღე: მოსახლეობა ამბობს, რომ სახელმწიფოსგან დახმარება ისევ დაპირებად რჩება
მდინარე კაბალის ადიდების შედეგად დაზარალებული მოქალაქეები უკვე 75 დღეა სტიქიის შედეგებს ებრძვიან. კვლავ ცდილობენ სახლების გაწმენდას და საკარმიდამო ნაკვეთების სტიქიამდელ მდგომარეობამდე მიყვანას.

27-28 სექტემბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემში მდინარის ადიდების შედეგად ათობით ოჯახი დზარალდა. დაიხოცა პირუტყვი, სახლები ლაფით გაივსო, დაზიანდა გზა და მოსახლეობის ღობეები. სოფელ განჯალის მოსახლეობის უმრავლესობა სტიქიით მიღებულ ზიან ჯერ კიდევ მარტო უმკლავდება.



კაბალის თემის სოფელ განჯალას მოსახლეობამ სტიქიის შედეგებით ყველაზე მეტი ზიანი მიიღო - საოჯახო ტექნიკა გაუნადგურდათ, ავტომობილები და ტრაქტორები წყალმა დაფარა, ზოგ ოჯახში ძველი, ზოგან კი ახალი რემონტი კი წყალში ჩაიყარა.

„აღარაფერი დარჩა ჩემი სახლიდან. სრულიად ლაფში ვარ. კრედიტით ვიყიდე ყველაფერი და აი ნახეთ, სულ გაფუჭდა. რა უნდა ვქნა არ ვიცი“. - გვითხრა განჯალელმა შუქურ თეიმურაზოვმა 29 სექტემბერს

თეიმურაზოვების ოჯახი, სხვა სტიქიით დაზარალებული განჯალელების მსგავსად, კვლავ მარტო ცდილობს მიყენებული ზიანისათვის გამკლავებას. გარდა იმისა რომ მათი სახლი დაზიანდა და რამდენიმე დღის განმავლობაში მეზობლებთან მოუწიათ ღამეების თევა, ისინი კვლავ ვალდებული არიან გადაიხადონ ბანკის ვალი. ამბობენ, რომ მათ სესხის გადავადებაზე უარი უთხრეს.

განჯალაში სტიქიიდან, დაახლოებით, 10 დღის შემდეგ სოფლის რწმუნებულმა რამიზ ამიროვმა მოსახლეობის ხელმოწერები შეაგროვა. მოქალაქეებს უთხრეს, რომ ხელმოწერებს მათთვის ზიანის კომპენსაციისათვის აგროვებდნენ, მაგრამ განჯალელებს ლაგოდეხის მერიისაგან ჯერ ფულადი დახმარება არ მიუღიათ.

რადიო „მარნეული“ რწმუნებულთან ინტერვიუს ჩაწერას შეეცადა. მივედით მის ოფისში, რომელიც სოფლის ცენტრში, იუსტიციის სახლის შენობაშია განთავსებული. პირადი საუბრისას რამიზ ამიროვმა გვითხრა, რომ ნამდვილად შეაგროვა ხელმოწერები სოფლის მოსახლეობაში, ასევე თქვა რომ არ იცის თუ როდის იქნება და იქნება თუ არა ფინანსური კომპენსაცია, მაგრამ ოფიციალურად კომენტარის გაკეთება არ ისურვა - თქვა, რომ გაციებულია და ვერ ჩაგვეწერებოდა.

4 დეკემბერს ლაგოდეხის მერიისაგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ განჯალაში მიმდინარეობს სანიაღვრე არხებისა და გზების მოწყობის სამუშაოები, მაგრამ წერილში საუბარი არაა ჩვენს კიდევ ერთ კითხვაზე - როდის მიიღებს და მიიღებს თუ არა კაბალის

თემის მოსახლეობა ზიანის ანაზღაურებისათვის ფინანსურ დახმარებას.

„სოფელ განჯალაში ამჟამად მიმდინარეობს მე-16 ქუჩის სრული რეაბილიტაცია (ეწყობა ასფალტის საფარი, სანიაღვრე არხები, წყალმიმღები ჭები, ლითონის ცხაურები, საკარმიდამო ნაკვეთებში შესასვლელები). აღნიშნული პროექტი დაიგეგმა და სამშენებლო ორგანიზაციასთან ხელშეკრულება გაფორმდა სტიქიამდე. პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდის თანადაფინანსებით. სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს 2025-2026 წელს, პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 1 350 092 ლარს“. - აღნიშნულია ლაგოდეხის მერიის მიერ გამოგზავნილ წერილში

ლაგოდეხის მერიის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია/მოწყობის სამუშაოების განხორციელების მიზნით, საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. მერიისავე განმარტებით, პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 5 330 000 ლარს. ხოლო, ვინაიდან ნაპირდაცვითი და სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები არის საკმაოდ მოცულობითი და მოითხოვს ფინანსურ რესურს, მუნიციპალიტეტი მიმართავს საქართველოს მთავრობას თხოვნით, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს გამოეყოს შესაბამისი თანხა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად.

მიუხედავად უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა, სოფელ განჯალის მოსახლეობა კვლავ ელის მერიის პასუხსა და ქმედებას, იქნება თუ არა ანაზღაურებული ის ზიანი, რომლიც მოსახლეობას, 27-28 სექტემბერს, მდინარე კაბალის ადიდებამ მიაყენა.
ლაგოდეხის მერიას მივმართეთ ოფიციალური წერილით და ვკითხეთ, აპირებენ თუ არა მოსახლეობასა და ბანკებს შორის შუამდგომლობას და მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევას. ლაგოდეხის მერიამ ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები