ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე და „ქართული
ოცნების“
ქვემო ქართლის რეგიონული შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი შინჯიკაშვილი
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს, მეუფე გიორგი (ლერი) ჯამდელიანს
ცილისწამებაში ადანაშაულებს.
მეუფე გიორგი (ლერი) ჯამდელიანის წინააღმდეგ პირველი სასამართლო
სხდომა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში 12 დეკემბერს გაიმართა.
სასამართლო სხდომის შემდგომ ჯამდელიანმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“
ისაუბრა და განაცხადა, რომ ის განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა.
„შინჯიკაშვილმა შეიტანა საჩივარი ჩემს წინააღმდეგ, რომ
თითქოს მისი ღირსება და პატივი შეილახა. საეკლესიო, კანონიკურ
სასამართლოს არ მინდოდა გავცდენოდით და გამოდის, რომ იძულებულს მხდის
მხარე, მიჩივის სასამართლოში, რომ ჩვენ სასამართლოს წარვუდგინოთ
მტკიცებულებები და აქეთ დავიცვათ თავი. მტკიცებულებები არსებობს
იმდენი, რამაც გამოუტანა მას განჩინება“. - განაცხადა
გიორგი ჯამდელიანმა
მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას ქვემო ქართლის
სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე, გიორგი შინჯიკაშვილი მისი
მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულა. მეუფე გიორგიმ 6 ივნისს გამართა
საეპისკოპოსო სასამართლო, სადაც მოსამართლე და მსხვერპლიც თავად
იყო.
საეპისკოპოსო სასამართლომ მონოზონ თელა კუბლაშვილის ჩვენების
საფუძველზე გიორგი შინჯიკაშვილი დამნაშავედ ცნო. მეუფე გიორგის
განმარტებით, მონაზონმა მას გაუმხილა, რომ შინჯიკაშვილი დედაო თეკლას
მეუფის მოწამვლას აიძულებდა.
მოგვიანებით დედაო თეკლამ საკუთარი ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ
გიორგი შინჯიკაშვილს მისთვის არაფერი დაუვალებია და მარნეულის და
ჰუჯაბის ეპისკოპოსი ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარაში
დაადანაშაულა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დევი დევაძემ მხარეების
მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა იმსჯელოს თუ
რამდენად რეალური იყო მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადება, რომ მის
მკვლელობას გეგმავდნენ.
სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა თავად გიორგი შინჯიკაშვილი, ხოლო
მისმა ადვოკატმა „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ გიორგი
ჯამდელიანმა სასამართლოს საკუთარი განცხადებების დასადასტურებლად
მტკიცებულებები ვერ წარუდგინა.
„გიორგი ჯამდელიანს დღეს და შემდეგ პროცესებზეც მოუწევს
იმის მტკიცება, რომ ქადაგებაში ნათქვამი ფაქტები არის სწორი. დღეს არც
ერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და დაველოდებით შემდეგ
სხდომას და ალბათ ვერ წარმოადგენს და ვერ დაადასტურებს, რომ რაშიც
ბრალს დებს გიორგი შინჯიკაშვილს არის ნამდვილი“. -
განაცხადა გიორგი შინჯიკაშვილის ადვოკატმა.
აღსანიშნავია, რომ სინოდალურმა კომისიამ 19 ივნისს მიიღო
გადაწყვეტილება შეეჩერებინა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მიერ 6
ივნისს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გიორგი
შინჯიკაშვილს 20 წლის ვადით ზიარების უფლება აეკრძალა.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადების საფუძველზე
პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლის
საფუძველზე დაიწყო, რაც განძრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
მეუფე გიორგიმ განაცხადა, რომ გამოძიებასთან არ ითანამშრომლებდა და
ჩვენებას არ მისცემდა.
რადიო „მარნეული“