სტიგმა, შიში და დუმილი: რატომ არ ლაპარაკობენ გოგოები ძალადობაზე
16:22 / 15.12.2025
შიში, ოჯახის რეაქციის მოლოდინი და საზოგადოების მხრიდან შესაძლო
გაკიცხვა ხშირი მიზეზებია, რის გამოც ბევრი არასრულწლოვანი გოგო ვერ
იღებს ხმას, როდესაც ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლი ხდება.
შემთხვევების უმეტესობა დაფარულია. სკოლები, სოციალური სამსახური და
სხვა ინსტიტუტები ხშირად ვერ იღებენ ინფორმაციას, რაც პრობლემის დროულ
რეაგირებას აფერხებს.
ამ ფონზე ნათლად ჩანს, რომ რეალურად, ძალადობის შემთხვევების
რაოდენობა ბევრად აღემატება ოფიციალურ მონაცემებს.
განსაკუთრებით
რეგიონებში, სადაც საზოგადოებრივი სტიგმა ძლიერია და მსხვერპლები ხმას
ხშირად ვერ იღებენ. გენდერის სპეციალისტი ქეთევან მურღულია აღნიშნავს,
რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია მძიმეა და ბევრ შემთხვევაში
პრობლემები დაფარული რჩება.
“სამწუხარო მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში ის, რომ არაერთი
გოგო, მათ შორის სკოლის მოსწავლე, დღეს ხდება როგორც სექსუალური
შევიწროების, სექსუალური ბულინგის სამიზნე, ასევე ოჯახში ძალადობის
მსხვერპლიც.. რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონს, აქ ცალკე მინდა
გამოვყო მთელი რიგი ქეისები, რომელიც ეხებოდა არასრულწლოვან გოგოებს
არა მარტო ნაადრევი ქორწინების მიმართულებით, ასევე რამოდენიმე ძალიან
მწვავე და აქტუალური ქეისი იყო სკოლებში. მათ შორის სექსუალური
შანტაჟი და ძალადობა. ძალადობის ეს ფორმა, რომელსაც ჩვენ სექსუალურ
შევიწროებას ვუწოდებთ, საკმაოდ გავრცელებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით
და თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი შემზარავი
ტენდენციაა."
შიშის, ხმის ვერ ამოღების ნათელი მაგალითია ბოლო დროს მარნეულის
რამდენიმე სოფელში მომხდარი შანტაჟის შემთხვევა. გავრცელებული
ინფორმაციის მიხედვით, ყალბი პროფილების გამოყენებით გოგოების ფოტოებს
აზიარებენ, მათზე შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ ფრაზებს აწერენ და
სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. რადიო “მარნეული” რამდენიმე გოგოს
დაუკავშირდა, რომელთა ფოტოებიც გავრცელდა, თუმცა მათ კომენტარისაგან
თავი შეიკავეს. მათ აღნიშნეს, რომ აღნიშნულ საქმეს გამოძიება არ
მოჰყოლია.
გენდერის სპეციალისტი ქეთევან მურღულია სექსუალური შევიწროების
ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს და ხაზს უსვამს, რომ დაზარალებულის
მხარდაჭერა მხოლოდ ემოციური გამოხმაურებით არ შემოიფარგლება. მისივე
თქმით, მნიშვნელოვანია, რამდენად ეფექტურად რეაგირებენ სახელმწიფო
ინსტიტუტები მსგავს საკითხებზე.
“სკოლაში (მარნეული) იყო ერთ-ერთი ქეისი. მასწავლებელმა
გამიზიარა შემთხვევა, როცა გოგო გახდა სექსუალური შევიწროების და
შანტაჟის მსხვერპლი – მისმა პარტნიორმა გაუვრცელა მას ფოტოები. როგორც
ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, სამწუხაროდ, ეს გოგო დღეს იმ სკოლაში აღარ
სწავლობს. დამატებითი დეტალები მე თვითონ გამოკვლევის პროცესში მაქვს,
თუმცა თვითონ ფაქტი უკვე შემზარავი და სამწუხარო რეალობაა. სამწუხარო
რეალობაა, ისიც რომ ამ გოგოს თანაკლასელებიც კი განიკითხავდნენ და
პირიქით ბრალს დებდნენ იმაში, რომ ფოტოები თავად გადააგზავნა
პარტნიორთან. ეს პრაქტიკა ძალიან ხშირია არა მარტო არასრულწლოვნებში,
არამედ ზრდასრულებშიც.”- ამბობს მურღულია.
რატომ დუმს მსხვერპლი?
შიშის განცდა, სირცხვილი და საზოგადოებისგან მოსალოდნელი დამცირება
ხშირად მეტყველებს იმაზე, რატომ არ ლაპარაკობს მსხვერპლი.
“აქ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია. ერთი იმიტომ, რომ მსხვერპლს
თავადვე რცხვენია საკუთარ პრობლემებზე საუბარი. მეორე, დაშინებისა და
დარცხვენის პრაქტიკა ასევე საკმაოდ მოქმედებს. სულ ვამბობ ხოლმე, რომ
თუ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მსხვერპლს, დავეხმაროთ და
გავაძლიეროთ, ხელს მაინც ნუ შევუშლით. ასევე ხშირად სახეზე გვაქვს
როგორც სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ნაკლები კვალიფიციურობა,
ასევე, ნაკლები სურვილი გამოიძონ და სენსიტიურები იყვნენ მსგავსი
საკითხების მიმართ. აქვე უნდა აღნიშნოს საზოგადოებაში ინფორმაციის
ნაკლებობის საკითხი. ხშირად, თვითონვე უჭირთ განსაზღვრონ ვინაა
მსხვერპლი, რატომაა და როგორ გააძლიერონ ის. თუ ამას ახლა კითხულობს
ძალადობის მსხვერპლი, რომელსაც ეშინია და არ ჰყავს მხარდამჭერი,
პირადად შემიძლია ავიღო პასუხისმგებლობა, რომ მას დავეხმარები.
მომმართონ, თქვენი დამხარებით ადვილად მომძებნიან."
"ასევე, თუ უშუალოდ ძალადობის მსხვერპლი არიან შემიძლია
გავუზიარო ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარის ნომერი -116 006. 112 -
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი. ეს ის ნომრებია,
რომლებზეც უნდა დარეკონ ძალადობის შემთხვევაში. ძალადობის პრევენციის
ციფრულ მექანიზმს წარმოადგენს “სეიფიუ” აპლიკაცია რომელსაც ვაცნობთ
სხვადასხვა ტრენინგების მეშვეობით ჩვენს ბენეფიციარებს. აპლიკაციის
მთავარი არსი და მიზანი არის ის რომ ქალებმა და გოგოებმა თავი იგრძნონ
უფრო დაცულად, შეძლონ დროული რეაგირება საფრთხეებზე და შეინარჩუნონ
ანონიმურობა. ასევე მნიშვნელოვანია მხარდამჭერთა ქსელის არსებობაც.
მაგალითად, მასწავლებელი სკოლაში , რომელიც მოუსმენს. შეიძლება იყოს
მეგობარი, ოჯახის წევრი, ჩვენ სამოქალაქო სექტორის აქტიური წევრები.
“ - ამბობს ქეთევან მურღულია.
ხშირად პრობლემა არა მხოლოდ დუმილია, ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და
გოგოების მხრიდან, გამოწვეული საზოგადოებრივი წნეხით ან შიშით, არამედ
ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ძალადობის ფორმების ამოცნობა, მათი
გაცნობიერება და ფაქტის აღიარება მათი მხრიდან.
რა არის სექსუალური შევიწროება? - სექსუალური
შევიწროება არის ნებისმიერი ფორმის არასასურველი სექსუალური ქმედება.
თუ თქვენი მისამართით გაჟღერებულა სექსუალური დატვირთვის მქონე
კომენტარები, შეგხებიათ ვინმე თქვენი ნებართვის გარეშე ან იძულებით
შეგისრულებიათ რაიმე სახის სექსუალური ქმედება, ესე იგი, თქვენ
გამოგიცდიათ სექსუალური შევიწროება.
რა არის კიბერბულინგი?
კიბერბულინგი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით სხვა ადამიანის
მიმართ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან მუქარის შემცველი
შეტყობინებების გაგზავნა და გავრცელებაა. ციფრულ სამყაროში ჩაგვრის
მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს, თუმცა ამის მიმართ
განსაკუთრებით მოწყვლადი მოზარდები არიან.
შანტაჟი - ეს არის მოქმედება, როდესაც ვინმე ცდილობს
გაიძულოს რაღაცის გაკეთება ან შეწყვეტა მუქარის, დაშინებისა ან
სირცხვილის გამოყენებით.
შანტაჟის მაგალითები:
პირადი ინფორმაციის, ფოტოების ან ვიდეოების გავრცელებით
მუქარა.
ემოციური ზეწოლა
ფულის, ნივთების ან სამსახურის მოპოვების მიზნით
მუქარა.
როგორ ამოვიცნოთ
მუდმივი ზეწოლა ან მოთხოვნები
მუქარა პერსონალური ინფორმაციის
გამოყენებით
ემოციური ან სოციალური წნეხი
არასრულწლოვანებზე ძალადობა გავრცელებული პრობლემაა, თუმცა ხშირ
შემთხვევაში, საზოგადოებრივი სტიგმა და სახელმწიფო ინსტიტუტების
არასაკმარისი, არასენსიტიური რეაგირება ხელს უშლის პრობლემის დროულ
მოგვარებას. ამ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სკოლებს უნდა
ჰქონდეთ. მასწავლებელი, ვისთანაც მსხვერპლი თავს უსაფრთხოდ გრძნობს,
შეიძლება პირველი იყოს, ვინც პრობლემას ამოიცნობს. მხოლოდ ასეთი
კოორდინირებული მოქმედებით შეიძლება დავიცვათ ბავშვები, დავაძლიოთ
სტიგმა და შევქმნათ უსაფრთხო გარემო, სადაც მათ ხმას რეალურად
გაიგებენ. განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ძალადობა ხშირად
დაფარულია.