სოფელი გარდაბანში, სადაც სასმელი წყალი არასდროს ჰქონიათ, ტექნიკური კი შეფერხებით მიეწოდებათ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში სასმელი წყალი არ არსებობს. სოფელს ის არასდროს ჰქონია და მოსახლეობას წყლის ყიდვა უწევს.

რაც შეეხება ტექნიკურ წყალს, სოფელს მას „საქართველოს მელიორაცია“ აწვდის, თუმცა წყალი ყველა ოჯახს არ მიეწოდება.

რადიო „მარნეულს“ სოფელ სააკაძიდან ადგილობრივი მცხოვრები დაუკავშირდა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი თქმით, უკვე თვეზე მეტია ტექნიკური წყალი არ მიეწოდებათ, თუ მიდის,

დაბნძურებულია. ამბობს, რომ არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, თუმცა მისივე განცხადებით, მიღებული დაპირებები შედეგს არ იძლევა.

საკითხის გასარკვევად რადიო „მარნეული“ საქართველოს მელიორაციას დაუკავშირდა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ სოფელ სააკაძეში ტექნიკური წყლის მიღებისთვის აუცილებელია, ოჯახებს ჰქონდეთ გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები.

ადგილობრივებს ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია აღნიშნული ხელშეკრულებების შესახებ. მათი ნაწილის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ჩვენგან მოისმინეს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დაურეკავთ როგორც „საქართველოს მელიორაციაში“, ისე მუნიციპალიტეტის მერისათვის.

ხელშეკრულების გაფორმება მარტივი პროცედურაა. ამისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ გარდაბანში არსებულ სერვისცენტრს, რომელიც ბოტანიკის დასახლებაში მდებარეობს.
ამასთან, უწყების განმარტებით, კონტრაქტის გაფორმება მოსახლეობას შესაბამისი გადასახადის გადახდას ავალდებულებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები