მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გაიზარდა და ახალი მონაცემებით 97
882 534 ლარს შეადგენს.
ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები მარნეულის საკრებულოს სხდომაზე 23
იანვარს დაამტკიცეს.
საკითხი განსახილველად მერიის ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის
განყოფილების უფროსმა, ლარისა გელაშვილმა გამოიტანა. მისი
განცხადებით, ნაშთისა და ცენტრალური მთავრობისგან მიღებული
ტრანსფერების გათვალისწინებით, ადგილობრივი ბიუჯეტი 83 472 653 ლარს
შეადგენს, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 14 409 850
ლარია.
ლარისა გელაშვილის განმარტებით, მიმდინარე ეტაპზე ბიუჯეტს დაემატა 9
952 227 ლარის ნაშთი. ამასთან ერთად, განხორციელდა დამატებითი
ცვლილებები ცენტრალური ტრანსფერების ნაწილშიც. რეგიონული განვითარების
ფონდიდან განკარგულებით მუნიციპალიტეტს გამოეყო 8 377 200 ლარი,
რომელიც სამ მიმართულებაზე გადანაწილდა.
„სულ მთლიანად ნაშთი ამ ეტაპზე ბიუჯეტში დაემატა 9 952
227 ლარი. გარდა ნაშთის განაწილებისა, ბიუჯეტში მოხდა დამატებითი
ცვლილებები, რაც ეხება ტრანსფერის გამოყოფას მთავრობიდან. გამოგვეყო
რეგიონალური განვითარების ფონდიდან განკარგულებით 8 377 200 ლარი,
რომელიც გადანაწილდა სამ კოდზე. ეს არის გზა, წყალი და კულტურული
ობიექტების აღჭურვა. ბიუჯეტი ამ მოცემულობით, ნაშთისა და ტრანსფერების
განთვალისწინებით 7 301 653 ლარით გაიზარდა ადგილობრივი ბიუჯეტი, ხოლო
14 448 440 ლარით გაიზარდა ტრანსფერი. ამ ცვლილებების
გათვალისწინებით, 2026 წლის ბიუჯეტმა შეადგინა 97 882 534 ლარი.
„ - თქვა ლარისა გელაშვილმა.
საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი
განიხილეს და დეპუტატებმა ყველა მათგანზე დადებითი გადაწყვეტილება
მიიღეს. გარდა ამისა, სხდომაზე იმსჯელეს საკრებულოს
თანამშრომლებისთვის ხელფასის 10%-ით გაზრდაზე, საკრებულოს რიგითი
წევრებისთვის სახარჯი თანხის 10%-ით მომატებაზე და სოციალურ
საკითხებზე.