1-ლი თებერვლიდან მარნეულში მშენებლობის ნებართვის მოთხოვნა მხოლოდ ელექტრონულად იქნება შესაძლებელი
მიმდინარე წლის 1-ლი თებერვლიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში სამშენებლო ნებართვებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებების წარდგენა სავალდებულო ხდება ელექტრონული ფორმით.

მარნეულის საკრებულოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერიაში „ერთი ფანჯრის პრინციპი“ ინერგება. პროექტი ეკონომიკის სამინისტროს, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა (SUDA) და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობით ხორციელდება.

რა იცვლება მოქალაქეებისთვის? ახალი სისტემის დანერგვით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ სახლიდან გაუსვლელად, დროისა და ფინანსების დაზოგვით მიმართონ მერიას.

განაცხადების რეგისტრაცია მოხდება პლატფორმაზე: https://ms.gov.ge

სისტემა მოიცავს:

მოქალაქის პირად გვერდს;

საქმისწარმოების შესახებ SMS და ელ.ფოსტით შეტყობინებების მიღებას;

ელექტრონულ არქივს.

გარდა ამისა, დარეგისტრირებული განცხადებები (მათ შორის I კლასის მშენებლობა, ნებართვები, ნაკვეთის გამიჯვნა-გაერთიანება) ავტომატურად აისახება საქართველოს ინტერაქტიულ რუკაზე (https://maps.municipal.gov.ge), რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები