"მარნეულში ყველაფერი კარგად და წესრიგშია"- გამოკითხვა მარნეულის ქუჩებში
16:47 / 23.02.2026
მარნეულში ამორტიზირებული გზები, მანქანებისა დიდი რაოდენობა,
ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარების
გადაადგილებისთვის შეუსაბამო მდგომარეობა... ეს იმ პრობლემების მხოლოდ
მცირე ნაწილია, რომლებსაც მარნეულის მცხოვრებლები ყოველდღიურ
ცხოვრებაში აწყდებიან.
დღეს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, გამოკითხვა ჩავატარეთ. მათ
მარნეულში არსებული პრობლემების შესახებ ვკითხეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა გამოკითხვაში
მონაწილეობაზე უარი თქვა, სხვები არსებულ პრობლემებზე საუბარს არ
ერიდებოდნენ და მათი მოგვარების იმედს გამოთქვამდნენ.
გარდა ამისა,
გამოკითხვისას ზოგი ადამიანი კამერის მიღმა ყოველდღიურ
პრობლემაზე გვეუბნებოდა, კამერის წინ კი ან საპირისპიროს ამბობდნენ,
ან საერთოდ არაფერს ამბობდნენ დაუთქმელად მიდიოდნენ. ზოგიერთები კი
აცხადებდნენ, რომ მარნეულში ყველაფერი კარგად და წესრიგშია და
არანაირი პრობლემა არ აწუხებთ.
„ხედავთ, გზა ვიწროა. ვიწროა, ბარემ გათხრითი სამუშაოები
დაესრულებინათ, მილები გაეკეთებინათ, ცოტა გაფართოვდებოდა და უკეთესი
იქნებოდა. ოდნავ მაინც უკეთესი იქნებოდა. ფეხით სიარული
მიკროავტობუსით მგზავრობას სჯობს. მიკროავტობუსით უფრო აგვიანებ და
ისე აღწევ დანიშნულების ადგილას,“ — ამბობს მარნეულის
ერთ-ერთი მცხოვრები.
კიდევ ერთი მცხოვრები საცობებსა და მანქანების სიმრავლეს უჩივის.
„სადმე გეჩქარება და ვერ მიდიხარ. ამას რამე უნდა მოვუხერხოთ.
თორემ მარნეული ქალაქი გახდა, რომ ვუყურებ, მიხარია. მანქანების გამო
სადმე მიდიხარ და იგვიანებ. ავადმყოფი გყავს და ვერ მიგყავს, დროულად
ვერ აღწევ. აუცილებლად უნდა მიეხედოს ამ საკითხს“.
მიუხედავად იმისა, რომ მარნეულში მცხოვრებთა ნაწილი პრობლემებზე
საუბრობს, მეორე ნაწილი ამბობს, რომ მარნეული კეთილმოეწყო და დადებითი
ცვლილებებია.
„ჩვენს გზებს, რაიონს რომ ვუყურებ, ძალიან ლამაზია. ანუ,
წლიდან წლამდე დიდი ცვლილებებია. მაგალითად, სოფლად, დამიჯერეთ,
ყველაზე პატარა სოფლებიც კია ჩვენსკენ... შუქი აქვთ, წყალი აქვთ, გზა
აქვთ, გაზი აქვთ. ანუ, ზოგიერთ რესპუბლიკას რომ შეადარო, ძალიან
ლამაზია, ძალიან. ჩვენ ვამაყობთ! გვიყვარს სახელმწიფოც და
სამშობლოც“.
მარნეულში, ქალაქსა და სოფლებში, გზებისა და წყალარინების სისტემის
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ 2019 წლიდან მიმდინარეობს.
თავდაპირველი გეგმით, პროექტი 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა ნაკისრი ვალდებულებები დროულად
ვერ შეასრულეს.
ამჟამად, სამუშაოების ბოლო ეტაპი რუსთაველის ქუჩაზე ხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ პროცესი იანვრის ბოლოს უნდა დასრულებულიყო,
ქუჩაზე სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, დასრულების ზუსტი თარიღი კი —
კვლავ უცნობია.