სოფელ სადახლოს, წოფისა და ახქერფის დამაკავშირებელი გზის
რეაბილიტაციისთვის 10 933 220 ლარია გათვალისწინებული.
საქართველოს მთავრობის განკარგულებითა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ქვემო ქართლში
სადახლო-წოფი-ახქერფის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის
რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტის განსახორციელებლად ელექტრონული
ტენდერი უკვე გამოცხადდა.
საუბარია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის
7.2-კილომეტრიან მონაკვეთზე (კმ19-კმ26.2), რომელიც სომხეთის
რესპუბლიკის საზღვრამდე მიდის. სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო
ღირებულება 10 933 220 ლარს შეადგენს.
რა სამუშაოები ჩატარდება აღნიშნულ მონაკვეთზე?
პროექტით გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება,
რაც მოიცავს:
მიწის ვაკისისა და საგზაო სამოსის მოწყობას;
ხელოვნური ნაგებობების მშენებლობას;
მოსახლეობისთვის მიერთებებისა და ეზოში შესასვლელების მოწყობას;
უსაფრთხოებისთვის ლითონის მრუდხაზოვანი ზღუდარებისა და გზის სხვა
აუცილებელი კუთვნილებების დამონტაჟებას.
ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიებისთვის წინადადებების მიღება
2026 წლის 23 მარტს სრულდება.