„ჩვენ ვართ ახლოს ძალიან საშიშ ეთნიკურ კონფლიქტთან“ — სააკაშვილი ციხიდან მარნეულში ირანის გავლენებზე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან  წერილს ავრცელებს, სადაც ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ქვემო ქართლში და კერძოდ, მარნეულში შექმნილ ვითარებას აფასებს. სააკაშვილი რეგიონში რელიგიური რადიკალიზმისა და ირანული სპეცსამსახურების გააქტიურებაზე საუბრობს და მოქმედ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.


მესამე პრეზიდენტი შექმნილ მდგომარეობას „ეგზისტენციალურ საკითხს“ უწოდებს და სვამს კითხვას, თუ რატომ აღმოჩნდა საქართველოს აზერბაიჯანული მოსახლეობის ნაწილი მოწყვლადი ირანული პროპაგანდის მიმართ.

„ეს არის

ეგზისტენციალური საკითხი თითოეული ჩვენგანისთვის. როგორ მოხდა, რომ ირანის კაციჭამია რეჟიმის მხარდამჭერი აღმოჩნდა ჩვენი აზერბაიჯანული მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი? როგორ მოხდა, რომ მარნეულში ახალგაზრდები დარბიან ხამენეის პორტრეტებით?
“ — წერს სააკაშვილი.

მისივე თქმით, რელიგიური რადიკალიზმის საფრთხე გახდა იმის მიზეზი, რომ მეზობელმა სახელმწიფომ საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტა

ან ის, რომ ჩვენი აზერბაიჯანელები აღმოჩნდნენ ძალიან ადვილად "დასავერბოვკებლები" ირანის ტერორისტული სპეცსამსახურისთვის და როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ აზერბაიჯანი იძულებული გახდა საზღვარი ჩაეკეტა საქართველოსთან, სწორედ იმისთვის, რომ თავის ტერიტორიაზე არ შეეშვა ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეები, დაფიქრდით — აზერბაიჯანი არ უშვებს აზერბაიჯანელებს.


სააკაშვილი თავის წერილში იხსენებს ვარდების რევოლუციამდელ პერიოდს, როდესაც ეთნიკური უმცირესობები იზოლირებულად ცხოვრობდნენ და ხშირად ხდებოდნენ მილიციის მხრიდან შევიწროების მსხვერპლნი. ის იხსენებს პირად ისტორიას, როდესაც იუსტიციის მინისტრის რანგში, შენიღბული მგზავრობდა ბოლნისის ავტობუსით და საკუთარი თვალით იხილა კორუფციული ფაქტები.

მისი განცხადებით, 2004 წლიდან ხელისუფლებამ მილიციის გაუქმებით და განათლების რეფორმით (რაც უმცირესობებისთვის უნივერსიტეტში ჩაბარების გამარტივებასა და რეგიონებში ქართული ენის მასწავლებლების გაგზავნას გულისხმობდა) ინტეგრაციის პროცესი დაიწყო.


ყოფილ პრეზიდენტს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ეს მიღწევები დაიკარგა, რამაც ირანულ გავლენებს გზა გაუხსნა.

„რა მოხდა ქოცების დროს - დაბრუნდა კორუფცია და პირდაპირი რეკეტი და რაც მთავარია, გაჯეჯილდნენ ირანიდან მოვლენილი ისლამისტები და ირანის ტერიტორიული სადაზვერვო სამსახურები. ისლამისტების გავლენა განსაკუთრებით ძლიერია ახალგაზრდობაში... თბილისი არ სთავაზობს არანაირ მომავალს, როგორც არ სთავაზობს მომავალს ქართულ ახალგაზრდობასაც. თუ ქართველები ამას პასუხობენ პროტესტით ან საზღვარგარეთ გადახვეწით, აზერბაიჯანელები შვებას პოულობენ ირანულ რადიკალურ შიიზმში.“

სააკაშვილი ხაზს უსვამს ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საბერძნეთში, ქვემო ქართლელების ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების ფაქტებსაც.


წერილის დასასრულს, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ აფრთხილებს და გამოსავალს მოქალაქეების გაერთიანებაში ხედავს:

„დასკვნა არის უკიდურესად სავალალო. ჩვენ ვართ ახლოს ძალიან საშიშ ეთნიკურ კონფლიქტთან. აი ეს მოჰყვება რუსეთის მიერ თავზე მოხვეულ სახელმწიფოს დემონტაჟს. სასწრაფოდ უნდა გავაგდოთ ესენი. სხვანაირად უახლოეს წლებში საქართველო მარტივ მამრავლებად დაიშლება. მხოლოდ ყველა ეთნიკური წარმოშობის ჩვენი მოქალაქეების გაერთიანებით უნდა მივაღწიოთ შედეგს - საქართველოს და თითოეული მისი მოქალაქის თავისუფლებას.“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები