8 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ირანის
საელჩოსთან შეკრებილი საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად
აზერბაიჯანელები რომლებსაც აიათოლა ალი ხამენეის ფოტოები უკავიათ და
მხარდაჭერას უცხადებენ ირანის ისლამურ რესპუბლიკას და სამძიმარს
გამოთქვამენ მისი ლიდერის მკვლელობასთან დაკავშირებით. ვიდეოში ისმის
შეძახილები „საქართველო ღირსეულია. ფახლევი (ირანის ბოლო შახი)
უღირსი“ და „Labbaik Ya Khamenei! მორჩილი ვარ, შენ განკარგულებაში
ვარ ჰამეინ“.
ვიდეოს გამოხმაურება მოჰყვა
პოლიტიკოსებისა და მოქალაქეებისაგან.
აიათოლა ალი ხამენეისადმი მხარდაჭერის გამოცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და სოციალურ ქსელში
დაწერა, რომ ირნამა გავლენები გააძლიერა ქვემო ქართლში, კონკრეტულად
კი მარნეულში და საბოლოოდ დასძინა, რომ „ჩვენ ვართ ახლოს ძალიან საშიშ
ეთნიკურ კონფლიქტთან“.
სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება
გაავრცელა პოლიტიკოსმა თამარ ჩერგოლეიშვილმაც და დაწერა “ის, რომ
აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები დღეს ჯიხადით იმუქრებიან და
აიათოლა ხამენეის ბრძანებების შესრულებას პირდებიან, აზერბაიჯანის
საწინააღმდეგო ნაბიჯია, განსაკუთრებით ნახიჭევანის დაბომბვის
შემდეგ”.
ირანის საელჩოს წინ შეკრებილებთაგან ერთ-ერთი, რომელიც შეძახილებს
აჟღერებდა, იმამ ალის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ამილ
ხალილოვია. რადიო “მარნეულთან” ინტერვიუში ხალილოვი აცხადებს, რომ მათ
“ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან” კავშირი არ აქვთ და მათი
მხარდაჭერა და სოლიდარობა მათი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის
მიმართაა გამოთქმული. ჩვენთან ინტერვიუში ხალილოვი საუბრობს თუ რა
მიზნით გამართეს აქცია ირანის საელჩოსთან, რატომ უცხადებენ
მხარდაჭერას და სამძიმარს ირნაის ისლამური რესპუბლიკის ლიდერს, რა
კავშირშია ხამენეის მხარდაჭერა საქართველოს ან ჩვენი რეგიონის
ინტერესებთან და რა პოზიცია აქვს ირანის მიერ ჩვენი მეზობელი ქვეყნის,
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმასთან
დაკავშირებით.
- ბატონო ამილ, ირანის საელჩოს წინ აქცია გამართეთ. რა იყო ამ აქციის
ჩატარების მთავარი მიზანი და რა არის ის ძირითადი მესიჯი, რის
მიტანასაც საზოგადოებამდე ცდილობთ?
- კეთილი, ბისმილლაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმ. უპირველეს ყოვლისა,
მადლობას გიხდით, რომ ამ სენსიტიურ მომენტში ეს კითხვები დაგვისვით.
საზოგადოებისთვის ნათელი რომ გახდეს, მინდა იქ მომხდარის ნამდვილი
არსი განვმარტო. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, რადგან ზოგიერთი
ამას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, ზოგიერთი კი შუღლს აღვივებს.
სიმართლე სრულიად სხვა რამეში მდგომარეობს. როგორც მთელი
მსოფლიოსთვისაა ცნობილი, ირანში ჩვენი საყვარელი მუჯთაჰიდი, რელიგიური
ლიდერი, ოჯახის წევრთან ერთად ველურად აწამეს და მოკლეს.
ჩვენი რწმენა და მრწამსი ისაა, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია. ჩვენი
მთავარი მიზანი მარჯაიასთან (რელიგიურ ლიდერობასთან) კავშირია.
მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოჰყვა ამას რეაქცია. ჩვენ სისხლთან საქმე არ
გვაქვს, ყოველთვის მშვიდობის მომხრენი ვიყავით, რომ სისხლი არ
დაიღვაროს. რადგან იმამი ალი ამბობს: „ადამიანები ან შენი ძმები არიან
რწმენაში, ან შენი ძმები არიან კაცობრიობაში“. ჩვენ ამ მოვლენამ
ძალიან დაგვწყვიტა გული და დაგვადარდიანა. ამიტომ შევიკრიბეთ და
ირანის საელჩოში სამძიმარზე მივედით. წინასწარ გვქონდა ინფორმაცია,
რომ კონკრეტულ დღეს სამძიმრის წიგნი გაიხსნებოდა. მივედით, რათა ჩვენი
სიყვარული და პოზიცია გამოგვეხატა.
მაგრამ იქ სრულიად სხვა სურათი დაგვხვდა. მოპირდაპირე მხარეს ირანის
ზოგიერთი მოქალაქე ყვიროდა და ჩვენს რელიგიურ ლიდერს, ველურად მოკლულ
მოხუც კაცს შეურაცხმყოფელი ლოზუნგებით მოიხსენიებდა. მათ სურდათ ჩვენი
პროვოცირება და ემოციურ ფონზე წონასწორობიდან გამოყვანა. მეც მაშინვე
ის ლოზუნგი წამოვიძახე, რომ მოპირდაპირე მხარე გაჩუმებულიყო. ლოზუნგი
იმაში მდგომარეობდა, რომ მათ საპასუხოდ ვთქვით: „ფეჰლევი უნამუსოა“.
რადგან ისინი ფეჰლევის თავიანთ ლიდერად მიიჩნევენ და ასე
გაჰყვიროდნენ. ჩვენი მესამე ლოზუნგი იყო „ლაბბაიქ ია ხამენეი“. ამის
მნიშვნელობა კი ის არის, რომ მკვდარიც რომ იყო და ცოცხალიც, ჩვენ
შენთან ვართ. ლოზუნგები მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა.
- გასაგებია. თუმცა, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ ტიპის
შეკრებებსა და ლოზუნგებს ტერორიზმისადმი მხარდაჭერად და წახალისებად
აღიქვამს. ეს მძიმე ბრალდებაა. როგორ უპასუხებთ ამას?
- ძალიან კარგი კითხვაა. მე პოლიტიკოსი არ ვარ, მაგრამ რაც
თავში მომდის, იმას ვიტყვი. ვინ აყენებს ამ ბრალდებებს? მაგალითად,
მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა გუშინ განცხადება, ასევე სხვა
პოლიტიკოსებმა... ჩვენ მთელი საზოგადოება და მოედანზე მყოფი ხალხი
გვიცნობს. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ხალხს, მიუხედავად მათი
ეროვნებისა და რელიგიისა, უანგაროდ ემსახურებიან. ჩვენ იმ
პოლიტიკოსებს წლების განმავლობაში უანგაროდ ვუჭერდით მხარს, რადგან
დემოკრატებად და ადამიანის უფლებების დამცველებად მიგვაჩნდა. ახლა კი
მოდიან და რადიკალიზმში გვადანაშაულებენ.
თუ ისინი მართლაც სიტყვისა და სინდისის თავისუფლების მომხრეები არიან,
მაშინ რატომ არ იღებენ ხმას პალესტინაში (ღაზაში) სასტიკი თავდასხმის
მსხვერპლ და მოკლულ ჩვილებზე? 150-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა იქ, რატომ
არ საუბრობენ მათზე? ჩვენი რელიგიური ლიდერი, მუჯთაჰიდი, მსოფლიოს
ყველაზე სასტიკმა ადამიანებმა ველურად მოკლეს. ჩვენ ამის გამო გული
დაგვეწვა და ჩვენი პოზიციისა და სიყვარულის გამოხატვით გავხდით
რადიკალები? მთელი მსოფლიოდან მივიდნენ სახელმწიფოს მეთაურები ირანის
საელჩოში სამძიმრის გამოსაცხადებლად, მათ რატომ არ უწოდებთ
რადიკალებს?
- რატომ უჭერთ მხარს ირანის ისლამური რესპუბლიკის, კერძოდ, „ისლამური
რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა“ და ხამენეის პოლიტიკას? რა კავშირშია
ეს საქართველოს ან ჩვენი რეგიონის ინტერესებთან?
- პირველ რიგში, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“
ჩვენ არანაირი შეხება და მხარდაჭერა არ გვაქვს. ჩვენი კავშირი მხოლოდ
მარჯაიასთან (რელიგიურ ლიდერობასთან) არის. ჩვენ რელიგიურ სფეროში
ვართ და არანაირ პოლიტიკაში არ ვერევით. მეორეც, ჩვენ ვართ
ადამიანები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში მშვიდობა და სიმშვიდე სურთ.
ჩვენ არც პოლიტიკური პირები ვართ და არც სამხედროები. ჩვენ უბრალოდ
ვლოცულობთ, რომ იყოს მშვიდობა და არავინ დაღვაროს სისხლი.
რაც შეეხება ამის კავშირს საქართველოსთან და რეგიონთან: მსოფლიოს
ნებისმიერ წერტილში ყველა ადამიანს თავისი რწმენა აქვს. საქართველოს
საზოგადოების უმრავლესობა მართლმადიდებელია და ჩვენ მათ მიმართ დიდი
პატივისცემა გვაქვს. საქართველოდან ევროპაში წასული პიროვნება იქ
თავის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას იცვლის? ადამიანების რწმენა
თავისუფალია. მეც ავირჩიე ჩემი რელიგია, ვირწმუნე და გულით
დავუკავშირდი მას. ჩვენ არანაირი ფარული საქმე არ გვაქვს, ჩვენი ყველა
პოზიცია ღიაა.
- თქვენგან ხშირად ისმის ფრაზა: „ვემსახურებით ხამენეის“. რას ნიშნავს
ეს პრაქტიკაში? რას გულისხმობთ ამ მსახურებაში და როგორ უნდა გაიგოს
ეს განცხადება საზოგადოებამ?
- როცა ვამბობთ „ხამენეისადმი მსახურებას“, ეს მთლიანად ჩემს
რწმენასთან დაკავშირებული საკითხია. ფიზიკურად რას ვემსახურები
ხამენეის? რა თანამდებობა მიკავია ან რა საქმე გამიკეთებია მისთვის?
არა, მე უბრალოდ პიროვნება ვარ, რომელიც გულითაა დაკავშირებული
ხამენეისთან.
- თქვენ ხშირად გადანაშაულებენ იმაშიც, რომ აზერბაიჯანს მხარდაჭერას
არ უცხადებთ...
- ისინი ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ. ჩვენ არაერთხელ მივაგეთ
პატივი მეჩეთში გამართულ ყოველ ცერემონიაზე როგორც ხოჯალის გენოციდის,
ისე 20 იანვრის მოვლენების მსხვერპლთ და ყველა შაჰიდს, და ამასთან
დაკავშირებით განცხადებებიც გაგვიკეთებია.
- ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანულ მხარეს ჰქონდა მწვავე პრეტენზიები
ირანის მიმართ (სომხეთის მხარდაჭერის გამო). რა კომენტარს გააკეთებდით
ამაზე?
- მე პოლიტიკოსი არ ვარ, გთხოვთ, ეგ კითხვები პოლიტიკოსებს
დაუსვათ. მე რა საქმე მაქვს ამასთან? გლობალურ პოლიტიკაში „ყარაბაღი
ასე იყო, ირანი ისე მოიქცა“ — ეს ჩემი საქმე არ არის. პოლიტიკოსებს
დაუსვით შეკითხვა და პასუხიც მათგან მიიღეთ.
- და ბოლოს, როგორ შეაფასებთ ირანის მხრიდან აზერბაიჯანზე, კერძოდ
ნახიჩევანის ტერიტორიაზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას?
- ღმერთმანი, ვერც მაგაზე გეტყვით ვერაფერს. აზერბაიჯანული
მხარე სხვას ამტკიცებს, ირანული მხარე – სხვას. ეს სახელმწიფოების
პირადი და პოლიტიკური საქმეა. ჩვენ რა შუაში ვართ? ჩვენ არასამთავრობო
ორგანიზაცია ვართ, პოლიტიკოსები თუ რა? ეგ ომიც მუდმივად ხომ არ
გაგრძელდება, ხვალ შერიგდებიან და ტკბილად იქნებიან. ჩვენ აქ,
საქართველოში ვცხოვრობთ. აქ ბევრი ეროვნული უმცირესობაა. ჩვენ, როგორც
საქართველოს მოქალაქეები, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ
ადამიანებმა ერთმანეთთან მეგობრულად და მშვიდობიანად იცხოვრონ.
გლობალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ გვაქვს და არც მისი
გულშემატკივრები ვართ.
აღსანიშნავია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა წარმოადგენს ჰიბრიდულ
მმართველობას, სადაც სახელმწიფო ხელისუფლება მჭიდროდ არის
დაკავშირებული რელიგიასთან. ქვეყანაში მოქმედებს ორი ძირითადი
ძალაუფლების ცენტრი სეკულარული/პოლიტიკური შტოები - პრეზიდენტი,
პარლამენტი და მთავრობა მართავენ ქვეყნის ყოველდღიურ საქმიანობას,
თუმცა მათი გადაწყვეტილებები მუდმივად რელიგიური ზედამხედველობის
ქვეშაა. უმაღლესი ძალაუფლება მიენიჭება ირანის სულიერ ლიდერს რომელიც
აკონტროლებს მთავარ პოლიტიკურ, სამხედრო, ფინანსურ და საგარეო
პროცესებს, ასევე განსაზღვრავს, რამდენად შესაბამისია ნებისმიერი
კანონი ან გადაწყვეტილება შარიათის ნორმებთან. მიუხედავად იმისა, რომ
პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნები ტარდება, საბოლოო
გადაწყვეტილების მიღება და ძირითადი ძალაუფლება მაინც რელიგიურ ლიდერს
ეკუთვნის.
ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტარებმა ერთობლივი სამხედრო
ოპერაციის შედეგად ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერი,
აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს მოკლეს. ისრაელი და ამერიკა ამ
დრომდე აწარმოებენ სამხედრო ოპერაციებს ირანის წინააღმდეგ. თავის
მხრვ, ირანმა დაბობმა სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ამერიკული
სამხედრო ბაზები და რაკეტები გაუშვა ისრაელისკენ. ირანის ისლამური
რესპუბლიკის დრონებმა თავდასხმა განახორციელეს აზერბაიჯანის
რესპუბლიკის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ნახჩევანის ავტონომიური
რესპუბლიკის აეროპორტზე.
9 მარტს ირანის ილამურ რესპუბლიკაში ახალ სულიერ ლიდერად აირჩიეს
მოკლული აიათოლა ალი ხამენეის შვილი მოჯთაბა ხამენეი.
რადიო “მარნეული”