აუდიტის სამსახურმა 2020-2022 წლებში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის”
განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა,
რომლის მიხედვითაც 2020, 2021 და 2022 წლებში მარნელის სოფლების
ნაწილში ჩატარებული კრება/კონსულტაცია არ იყო უფლებამოსილი
გადაწყვეტილების მისაღებად და ამავე წლებში ოქმებში მითითებული
დამსწრეთა რაოდენობა არ ემთხვეოდა ხელმომწერების რაოდენობას.
“აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა მერიების წარმოდგენილი
ინფორმაცია კრებებზე დასწრების მაჩვენებლების შესახებ. შესწავლის
შედეგად გამოვლინდა, რომ 2020 წელს 41 მუნიციპალიტეტის − 428
დასახლებაში (მთლიანი დასახლებების 14.1%), 2021 წელს 45
მუნიციპალიტეტის − 583 დასახლებაში (მთლიანი დასახლებების 18.8%) და
2022 წელს 42 მუნიციპალიტეტის 599 დასახლებაში (მთლიანი დასახლებების
20.2%) ჩატარებული საერთო კრება/კონსულტაცია არ იყო უფლებამოსილი
გადაწყვეტილების მისაღებად”. - აღნიშნულია აუდიტის
ანგარიშში
აუდიტის ანგარიშში დეტალურად არაა გაწერილი თუ რომელი მუნიციპალიტეტის
რამდენ სოფელში ჩატარებული საერთო კრება/კონსულტაცია არ იყო
უფლებამოსილი. ანგარიშში მონაცემები ზოგადადაა ასახული მაგრამ მათში
სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად მარნეულიცაა მოხსენიებული.
“აღსანიშნავია, რომ დასახლებებში, სადაც დადგენილი ზღვარი
დაცულია, წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე რისკის შემცველია, კერძოდ:
კრებას ესწრებოდა სავარაუდოდ უფრო ნაკლები რაოდენობის მაცხოვრებელი,
ვიდრე ოქმშია მითითებული, რაც დასტურდება მუნიციპალიტეტების მიერ
წარმოდგენილი ფოტოებით და ინტერნეტსივრცეში განთავსებული
ფოტო/ვიდეომასალით. დასახლებებში, სადაც მოსახლეობის დასწრების
რაოდენობის დადგენილი წესი დოკუმენტურად დაცულია, 2020 წელს საშუალო
მაჩვენებელი იყო 16.2%, 2021 წელს − 16.4% და 2022 წელს − 15.7%.
უმეტეს შემთხვევაში სოფლის საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე
დამსწრეთა რიცხოვნობა არ იზრდებოდა და საერთო მოსახლეობის
რაოდენობიდან გამომდინარე, ჩართულობა დაბალი იყო”. -
აღნიშნულია აუდიტში
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა რომ მუნიციპალიტეტები
სათანადოდ არ აღრიცხავდნენ პროგრამაში ჩართულ პირთა რაოდენობას.
ზოგიერთ ოქმში საერთოდ არ იყო მითითებული დამსწრეთა რიცხოვნობა, ხოლო
რამდენიმე მუნიციპალიტეტმა საერთოდ ვერ წარადგინა
კრებებზე/კონსულტაციებზე დამსწრეთა ხელმოწერები.
აუდიტის პერიოდის განმავლობაში მარნეულის ოქმებში მითითებული
დამსწრეთა რიცხოვნობა და მათზე დართული ხელმოწერების რაოდენობა
ზოგიერთ შემთხვევაში არ ემთხვევოდა ერთმანეთს.
ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტი იმ 9 მუნიციპალიტეტს შორისაა, სადაც
2022 წელს შეხვედრები ტარდებოდა არა ცალკეული სოფლების, არამედ
ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით ან რამდენიმე დასახლებისათვის
ერთად.
აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტებს აძლევს რეკომენდაციას სოფლის
მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის პროცესში მოსახლეობის სათანადო
ინფორმირებისა და მაღალი ჩართულობისათვის კარგი პრაქტიკის
გათვალისწინებით დანერგონ დამატებითი პროცედურები, რაც ხელს შეუწყობს
მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირებას და აქტიურ ჩართულობას პროგრამის
დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. მაქსიმალურად გამოიყენონ
ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა პლატფორმა და რეგულარულად
განაახლონ ინფორმაცია ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში.