მარნეულის მერმა, დაურ ისმაილოვმა და მისმა მოადგილემ მერიისა და
მუნიციპალური სამსახურების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა
გამართეს. ინფორმაცია ამის შესახებ, თანდართული ფოტოებით, მერის
ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
რადიო მარნეულმა სცადა ინფფორმაცია მარნეულის მერთად,
დაურ ისმაილოვთან გადაემოწმებინა, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ
პასუხობს.
მერიის მიერ გავრცელებულ ტექსტში კი, განსაკუთრებული ყურადღება
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული შპს-ებისა და ა(ა)იპ-ების
თანამშრომლების კეთილსინდისიერ მუშაობასა და გამჭვირვალობაზეა
გამახვილებული.
ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული შეხვედრის
ინიციირება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 9 მარტს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) მარნეულის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელს, რიმა ოთარაშვილს თაღლითობის
სქემაში მონაწილეობის ბრალდება წარუდგინა.
მართალია, მერი და მისი მოადგილე ოთარაშვილის საქმეზე ოფიციალურ
კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა შეხვედრის მთავარი გზავნილები სწორედ
ეთიკურ ნორმებს უკავშირდებოდა.
„მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ
დაფუძნებულ შპს და ა(ა)იპ-ის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა
გავმართე. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილე საჯარო სამსახურში მაღალი
პასუხისმგებლობის, პროფესიული სტანდარტების, გამჭვირვალობისა და
ეთიკური ნორმების დაცვის მნიშვნელობაზე. ასევე ვისაუბრეთ 21 მარტს
დაგეგმილი ნოვრუზ ბაირამის ღონისძიების საორგანიზაციო
საკითხებზე,“ — ნათქვამია მერის მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.