საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მუსლიმი მსჯავრდებულებისთვის
რამაზანის დღესასწაულთან დაკავშირებით საკვების
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შეტანის თხოვნით სპეციალურ
პენიტენციურ სამსახურს წელსაც მიმართა. აღნიშნული ინფორმაცია
სამმართველომ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა. გთავაზობთ გავრცელებულ
ინფორმაციას:
„როგორც წინა წლებში, ამჯერადაც, მოახლოებული რამაზანის
ბაირამთან დაკავშირებით, საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ მუსლიმი
მსჯავრდებულებისთვის სადღესასწაულო საკვების მიღების თაობაზე
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამმართველოს მიმართვას
დადებითად უპასუხა და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად, 20-23 მარტის პერიოდში, ქვემოთ
ჩამოთვლილი საკვები პროდუქტების პენიტენციურ დაწესებულებებში შეტანაზე
ნებართვა გასცა.
რამაზანის ბაირამთან დაკავშირებით დაწესებულებებში დაშვებული
პროდუქტების ჩამონათვალი:
- გაგრილებული ხორცი – 3
კგ
- ფლოვი – 2 კგ
- ყველი – 2 კგ
- ტორტი ან კექსი (კრემისა და შოკოლადის
გარეშე)
- შემწვარი და გაგრილებული ქათამი
- კიტრი და პომიდორი – 3 კგ
- ხილი – 5 კგ.“
სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ
ნაბიჯით საქართველოს მუსლიმთა სამმართველო კიდევ ერთხელ შეახსენებს
საზოგადოებას, რომ რელიგიური დღესასწაულები მხოლოდ ფორმალური
კალენდარული დღეები არ არის, არამედ წარმოადგენს შესაძლებლობას,
ადამიანებმა ერთმანეთი გაიხსენონ, აპატიონ და სიახლოვე იგრძნონ.