მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია 9 აპრილის მემორიალებს ყვავილების
გვირგვინით შეამკობს.
თვითმმართველობამ 3 ერთეული ყვავილების გვირგვინის და 50 ცალი ტიტის
შესასყიდად 2 855 ლარის ხელშეკრულება გააფორმა ინდმეწარმე გიორგი
მდივანთან. მერია მემორიალებს შეამკობს ალგეთში, წერეთელსა და
თამარისში.
“როგორც მოგეხსენებათ 1989 წლის 9 აპრილიდან 37 წელი გავიდა.
ტრაგიკულობის მიუხედავად ეს დღე ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისა და
სიყვარულისათვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის
პატივსაცემად, ჩვენს მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება
სხვადასხვა ფორმატის ღონისძიება. მიზანშეწონილად მიმაჩნია სოფელ
წერეთელში, თამარისში და ალგეთში მდებარე მემორიალები შეიმკოს
ყვავილების გვირგვინებით და ცოცხალი ყვავილებით რათა ერთხელ კიდევ
გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის
მებრძოლ გმირებს. ღონისძიების სრულყოფილად ჩატარების მიზნით საჭიროა
შესყიდულ იქნას 3 ერთეული ცოცხალი ყვავილების გვირგვინი და 50 ერთეული
ცოცხალი ტიტა. გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს განახორციელოს
შესყიდვებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული
საქმიანობები.”- წერია მოხსენებით ბარათში.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული
ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან
მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი
ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ
გამოაცხადა.
გარეკანის ფოტო: არქივი