განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო
უნივერსიტეტებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა შეიცვალა.
დადგენილების თანახმად, 2026-2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატსა და
მაგისტრატურაზე სტუდენტთა მიღების კვოტა
განისაზღვრა.
სახელმწიფო უნივერსიტეტები ბაკალავრიატის საფეხურზე ჯამურად 21 300
სტუდენტს მიიღებენ.
განსაზღვრულია კვოტები ეთნიკური უმცირესობებისთვის. ეთნიკურად
აზერბაიჯანელებისა და სომეხების შემთხვევაში უნივერსიტეტში მიღების
საერთო რაოდენობის 5%-5%, ხოლო ოსებისა და აფხაზების შემთხვევაში
1%-1% იქნება.
განაწილებამ უკმაყოფილება გამოიწვია არაერთ ეთნიკური უმცირესობის
სტუდენტებში, განსაკუთრებით მათში, ვინც სარგებლობს პროგრამით „1+4“.
ისინი მიიჩნევენ, რომ ასეთი კვოტები მნიშვნელოვნად ზღუდავს მათ
არჩევანის თავისუფლებას.
“ილიას უნივერსიტეტის 1+4 პროგრამა არაერთხელ დამტკიცდა,
როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოდელი – როგორც ქართული ენის
სწავლების, ასევე რეალური სოციალური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს
არის ადგილი, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ ენას სწავლობენ, არამედ
იძენენ კრიტიკულ აზროვნებას, ადაპტაციას და ევროპულ საგანმანათლებლო
გამოცდილებას. ასეთ უნივერსიტეტს 48 ადგილის მინიჭება არა მხოლოდ
გაუგებარია, არამედ პირდაპირ უსამართლობად აღიქმება. ასეთ ვითარებაში
ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: რატომ იღებს ყველაზე ხარისხიანი და
შედეგიანი პროგრამა ყველაზე მცირე კვოტას? რას ემსახურება ეს
გადაწყვეტილება – ხარისხიან განათლებას თუ მხოლოდ რაოდენობრივი
მაჩვენებლების ხელოვნურად გაზრდას? თუ მიზანი მართლაც ეთნიკური
უმცირესობების ინტეგრაციაა, მაშინ უნდა გაძლიერდეს ის უნივერსიტეტები
და პროგრამები, რომლებიც ამ მიზანს ყველაზე ეფექტურად ემსახურება.
თუმცა მიღებული გადაწყვეტილება საპირისპიროს აჩვენებს და ამით აჩენს
ეჭვს, რომ პრიორიტეტები არ არის სწორად განსაზღვრული" - წერს
სოციალურ ქსელში ილას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის
ერთ-ერთი სტუდენტი.
რადიო "მარნეულმა" დათვალა საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო
უნივერსიტეტში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა და მათში ეთნიკური
უმცირესობების წილი.
სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტი ჯამში 6750 სტუდენტს მიიღებს. მათგან ეთნიკური
უმცირესობების ალბათობა 810 სტუდენტს შეადენს.
- აზერბაიჯანელი - 337 სტუდენტი
- სომეხი - 337 სტუდენტი
- აფხაზი - 67 სტუდენტი
- ოსი - 67 სტუდენტი
რაც შეეხება სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, აქ მისაღებ
სტუდენტთა რაოდენობა 335-ით არის განსაზღვრული. რაც იმას ნიშნავს, რომ
მათში ეთნიკური უმცირესობების წილი 40-ია.
- აზერბაიჯანელი - 17 სტუდენტი
- სომეხი - 17 სტუდენტი
- აფხაზი - 3 სტუდენტი
- ოსი - 3 სტუდენტი
კიდევ ერთი უნივერსაიტეტი, სადაც ყველაზე ხშირად აბარებდნენ ეთნიკური
უმცირესობები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. აქ მისაღებ
სტუდენტთა რაოდენობა 3890-ით არის განსაზღვრული. მათში ეთნიკური
უმცირესობების წილი 467-ია.
- აზერბაიჯანელი - 195 სტუდენტი
- სომეხი - 195 სტუდენტი
- აფხაზი - 39 სტუდენტი
- ოსი - 39 სტუდენტი
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა
ჯამში 30 500 სტუდენტი მიიღო.