მიუღებელია დაემუქრო შენს ძმებს თუ ისინი ხმას არ მისცემენ მოსაყდრეს - მეუფე გიორგი ჯამდელიანი ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის განცხადებაზე
“გაჟღერდა, რომ თითქოს პატრიარქი საუბრობდა პირდაპირი მემკვიდრის შესახებ, რის თაობაზეც არაფერი იცოდა მინიმუმ 35-მა მღვდელმთავარმა” - ასე გამოეხმაურა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი, 7 აპრილს, ქადაგებისას ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის საბა გიგიბერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც მოსაყდრე შიოს მხარდამჭერ ქადაგებაში მეუფე იობი გააკრიტიკა.

“მინდა გამოვეხმაურო ჩემს ქრისტესმიერ უფროს ძმას,ღრმად პატივცემულ მღვდელმთავარს,რომლის მიმართაც ნამდვილად გამაჩნია დიდი პატივისცემა

მისი მრავალი ღირსებისა გამო.
რადგანაც სიტყვა საჯაროდ ითქვა,მეც შევბედავ და თუ კი კადნიერებაში არ ჩამომართმევს,მივმართავ მას.
ძველი ქართული-ხალხური სიბრძნე ამბობს - “ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.”მხედველობაში მაქვს ასევე პატივცემული მღვდელმთავრის,მიტროპოლიტ იობის სიტყვა ღვთივგანსვენებული პატრიარქის ღვაწლის შესახებ,სადაც ციტატა გააგრძელა სიტყვებით,რომ “ დასრულდა ეპოქა და იწყება ახალი ეპოქა. “ ამით მან ხაზი გაუსვა პატრიარქის ეპოქალურ პიროვნებას და მისი მოღვაწეობის პერიოდს თავისი განსაკუთრებული სახით.(აქვე შეგახსენებთ სიტყვა “ეპოქის” მნიშვნელობას : ეს ნიშნავს დროის შედარებით დიდ მონაკვეთს,რომელიც გამორჩევა თავისი მნიშვნელოვანი ნიშნით - ისტორიული მოვლენებით,კულტურით,მეცნიერებით და საზოგადოებრივი ცვლილებებით.)
სამწუხაროდ,როგორც ხშირად ჩვევია მასმედიას,მეუფის სიტყვა კონტექსტიდან იქნა ამოჭრილი. ამიტომ, კეთილგონივრული იქნებოდა, სანამ ძმას განვსჯიდეთ, გულისყურით მოგვესმინა.
ასევე, მიუღებელია დაემუქრო “მომავალში სინანულით და სასჯელით” შენს ძმებს, თუ ისინი ხმას არ მისცემენ ჩემთვის ასევე ღრმად პატივცემულ და ქრისტესმიერ ძმას - მოსაყდრეს.
ამას მივიჩნევ, როგორც ერთგვარ ზეწოლას და სუბიექტური აზრების თავს მოხვევას სინოდის წევრებზე. გაჟღერდა, რომ თითქოს პატრიარქი საუბრობდა პირდაპირი მემკვიდრის შესახებ, რის თაობაზეც არაფერი იცოდა მინიმუმ 35-მა მღვდელმთავარმა.
მის უწმინდესობას, ღვთივგანსვენებულ პატრიარქს ყველა მღვდელმთავრის მიმართ ჰქონდა სულიერი მამა-შვილური ურთიერთობა და იმხელა დამსახურება და ამაგი, რომ არაოფიციალურ გარემოში შეეძლო ჩვენი შეკრება და მისი პირადი სურვილის განდობა, მაგრამ ღვთივგანსვენებული ჩვენი პატრიარქი ასე არ მოიქცა,რადგან ჩვენგან განსხვავებით ღმერთზე მეტად მინდობა ჰქონდა და ღვთივსულიერ კანონებში ღრმად განსწავლულმა მის სულიერ შვილებს - მღვდელმთავართა კრებას თავისუფალი არჩევანი დაუტოვა.
დაე, უფალმა მოგვცეს გული გონიერი, რათა ჩვენს შორის მუდამ სუფევდეს სიყვარული, თანხმობა და ქრისტესმიერი ერთსულოვნება. ამინ!
გიორგი,ეპისკოპოსი მარნეულისა და ჰუჯაბის”.
- აღნიშნულია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებაში

აღსანიშნავია, რომ მეუფე გიორგი ჯამდელიანი აცხადებს, რომ ილია მეორემ სინოდს, მღვდელმთავართა კრებას, თავისუფალი არჩევანი დაუტოვა.

ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში სინოდმა ახალი პატრიარქი უნდა აირჩიოს. სინოდის მომდევნო სხდომაზე ცნობილი გახდება პატრიარქობის ახალი კანდიდატები.

აღსანიშნავია, რომ რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა 4 აპრილს ქადაგებისას განაცხადა, რომ ილია მეორის გარდაცვალებით დასრულდა ეპოქა და ახლა ვართ მიჯნაზე როდესაც ახალი პატრიარქი უნდა ავირჩიოთ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები