საცხობების მიერ პურის ფასის ერთიანად გაზრდა კანონდარღვევაა - პურის მრეწველთა კავშირის თვამჯდომარე
პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ არ შეიძლება პურის მცხობელებმა ერთიანად გააძვიროს პურის ფასი და აცხადებს, რომ ერთიანად, შეთანხმებულად პურის გაძვირება დანაშაულია. ბოლო დღეების განმავლობაში მარნეულში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის, მამის კოპმანია კონკურენტებს პურის ფასების გაზრდას აიძულებს. ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი. უფლება

დამცველის, სამირა ბაირამოვას მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისმაილოვმა და მისმა გარემოცვამ ფიზიკურად იძალადეს ერთ-ერთი პურის საცხობის მფლობელზე, რადგან ის პურის ფასის ზრდას არ თანხმდებოდა.

რადიო „მარნეულთან“ პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ პურის ფასის ხელოვნურად, ერთიანად, გაზრდის შემთხვევაში საკითხის რეგულირებაში ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა ჩაერთოს.

„არსებობს დეკლარირებული სტანდარტი. მარნეულის საცხობებს აქვს დეკლარირებული სტანდარტი, თავად აქვთ შემუშავებული კალკუაცია. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება მის ფასში, ჩახედონ და ნახონ რამდენი აქვთ მოგება. მე ვიცი, რომ პურის საცხობები საერთოდ მინიმალურ მოგებაზე მუშაობენ, 5%-ზე მეტი არც ერთს არ აქვს, რადგან დღევანდელი პირობები ამის საშუალებას არავის აძლევს. გაძვირდა ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირის ფასებია მაღალი, წყალი 9 ლარია თბილისში... მე ამას არ ვამრთლებ, მაგრამ 1 ლარი 500 გრამიანი პურისათვის არის ძალიან იაფი. თბილისში ანალოგიური პური ღირს 1 ლარი და 30 თეთრი“. - აცხადებს მალხაზ დოლიძე

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოში პურის ლიბერალიზაციის, პურის სახელმწიფო მეურნეობიდან გათავისუფლების, შემდეგ მეწარმეს მიეცა უფლება თავად შეექმნა პროდუქცია დეკლარირებული სტანდარტით და გაეყიდა შესაბამის თანხად, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პურის მცხობელებს პროდუქციაზე გაბერილი ფასების დადება შეუძლიათ.

„მასიურ პურზე მთავრობას აქვს ჩვენთან, მეწარმეებთან, ნათქვამი - ჩვენთვის მთავრობა არის სამინისტრო, რომელსაც პოლიტიკა მიჰყავს პურის - ისინი გვეუბნებიან, რომ მასიურ პროდუქციაზე, კალკულაციის დათვლის შემდეგ, ამაზე მეტი არ უნდა იყოს ფასი. ნებისმიერი ხელისუფალი რომ მოდის მათი საზრუნავი და თავის ტკივილი ეს არის, რომ პური იყოს ხელმისაწვდომი ფასით. ამიტომ, ეს ასე თუ ისე, შინაგანად მაინც კონტროლდება კალკულაციის მიხედვით. მე რომ ვყოფილიყავი მარნეულში, მარნეულში არის ადგილობრივი ხელისუფლება, იქ არის საფინანსო განყოფილება. დავუძახებდი საცხობის დირექტორს და მოვატანინებდი კალკულაციას, თუ რა რამდენი უჯდება და იმის მიხედვით ვეტყოდი, რომ ძმაო, ცოტა მეტი გაქ მოგება და ცოტა ქამარს მოუჭირე, ან პირიქით, მალადეც კაი კაცი ხარ რომ ამ ფასად ყიდი“. - ამბობს მალხაზ დოლიძე

მალხაზ დოლიძის განმარტებით, ერთი კომპანიის მიერ სხვა კომპანიების იძულება, გაზარდონ პურის ფასი, კონკურენციის შემცირების მცდელობით შეიძლება აიხსნას. დოლიძე განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქმეში ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობა და შეამოწმოს პურის მცხობელთა დეკლარირებული სტანდარტი, რათა არ მოხდეს ფასების ხელოვნური გაზრდა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები