2020 წელს შეჩერებული თბილისი-მარნეული-სადახლოს სამგზავრო მატარებლის
მოძრაობის აღდგენის შესახებ
გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არაა მიღებული. რადიო „მარნეულს“
საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, რომ საკითხი განხილვის პროცესშია
და გადაწყვეტილებას, თავად რკინიგზა, მიღების შემდეგ
გამოაცხადებს.
8 აპრილს ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს რკინიგზის ახალ
ხაზებსა და ძველი სამგზავრო ხაზების განახლებაზე. კობახიძის
განცხადებით, რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება,
ასევე დასრულდა თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის
შედეგადაც მგზავრობა 1.5
საათით შემცირდა.
„აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის
რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც
გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო, ძველ დროსთან
შედარებით, 6 საათიდან შემცირდება 3-საათამდე, ანუ განახევრდება
მგზავრობის დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე.
ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი –
ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. „კუკუშკის“
რეაბილიტაციის თაობაზე.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო
ინფრასტრუქტურას, განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის
რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის
მიხედვით, მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს
მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ტურისტული თვალსაზრისითაც
დიდი მნიშვნელობა აქვს რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას“, –
განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განცხადებით, საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა 2026-2028
წლების სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, შეისყიდიან 50 ახალ
ლოკომოტივს და ასევე 1 500 ახალ ვაგონს.
რადიო „მარნეული“ 8 აპრილიდან ცდილობდა საქართველოს რკინიგზაში
ინფორმაციის გარკვევას, იგეგმება თუ არა თბილისი-მარნეული-სადახლოს
მატარებლის აღდგენა საქართველოს რკინიგზის 2026-2028 წლების სამოქმედო
გეგმის მიხედვით. საქართველოს რკინიგზამ ინდორმაცია დღეს, 14 აპრილს,
მოგვაწოდა და გვითხრეს, რომ „საკითხი არის განხილვის პროცესში“.
აღსანიშნავია, რომ სადახლო-თბილისის მატარებელმა მოძრაობა 2020 წელს,
კორონავირუსის პანდემიისას, შეაჩერა. სადახლო - თბილისის მატარებლით,
რომელიც დღეში ორ რეისს აკეთებდა, სარგებლობდნენ რკინიგზის გასწვრივ
მდებარე დასახლებული პუნქტების მცხოვრებლები. ბევრი ადამიანისთვის ეს
იყო პროდუქტების თბილისში გაყიდვის ერთადერთი შესაძლებლობა.
რადიო „მარნეული“