მარნეულში წყლისა და წყალარინების პროექტის დასრულებამ სექტემბრამდე გადაიწია
მარნეულში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულებამ 2026 წლის სექტემბრამდე გადაიწია.

პროექტი, რომელის დასრულების თარიღად არაერთი წელი და თვე დასახელდა, ჯერ კიდევ მიმდინარეა.

როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს,ხელშეკრულების ვადა მეორე კვარტლის ბოლომდეა გაგრძელებული, ხოლო შემდეგ დეფექტების აღმოფხვრის პერიოდი დაიწყება და პროექტი მესამე კვარტლის ბოლოს დასრულდება.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი მარნეულსა და მის სოფლებში 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გადაითხარა გზები, ამორტიზდა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილები. თავდაპირველად, კომპანია "Akelik Group“-ს პროექტი 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა.

ახალი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიამ თურქულ და ჩინურ კომპანიებთან გააფორმა. სამუშაოებს აწარმოებენ "China Geo - Engineering Corporation“ (CGC) და "POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei“.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

მისი ფარგლებში შენდება წყალმომარაგების ახალი ქსელი, სატუმბო სადგური, რეზერვუარები, წყალარინების ახალი ქსელი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები