საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული
ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აჭარის რეგიონში ჩატარებული ერთობლივი
ოპერაციის ფარგლებში, ბათუმში უცხო ქვეყნის ერთი და საქართველოს ერთი
მოქალაქე დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებს წინასწარ ჰქონდათ
ინფორმაცია აღნიშნული პირების საქართველოში შემოსვლისა და მათი
მიზნების შესახებ. ისინი ქვეყანაში ცალ-ცალკე ჩამოვიდნენ და ნაქირავებ
ბინაში ცხოვრობდნენ. შემოსვლის დღიდანვე ორივე პირი ოპერატიული
კონტროლის ქვეშ
იმყოფებოდა, რაც სასამართლოს განჩინებების საფუძველზე
ხორციელდებოდა.
გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები გაწევრიანდნენ ტერორისტული
ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, დადეს ერთგულების ფიცი
(ე.წ. ბაიათი), რაც ვიდეოფაილის სახით გადაიღეს და ორგანიზაციის
ლიდერებს გადაუგზავნეს. მათ გამოუცხადეს სრული მორჩილება და მზად
იყვნენ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად.
ასევე დგინდება, რომ ისინი საქართველოდან სხვა ქვეყანაში გამგზავრებას
გეგმავდნენ, სადაც ორგანიზაციის მებრძოლებს უნდა შეერთებოდნენ.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ელექტრონული
მოწყობილობები, დაურეგისტრირებელი სიმბარათები, მობილური ტელეფონები,
ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკის შემცველი ნივთები, ნიღბები და
სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში
გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 10-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.