„სტუდენტისთვის თვეში მხოლოდ 150 ლარი გზის ხარჯი საკმაოდ დიდი თანხაა“, - სტუდენტები მგზავრობის ტარიფის გაძვირებაზე

1 მაისიდან მარნეული-თბილისის (ვაგზლის მოედანი) მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასური გაიზარდა.


ყოველდღიურად მარნეულიდან დედაქალაქში ასობით მგზავრი გადაადგილდება, რომელთა უმრავლესობა სტუდენტები არიან. ორ ქალაქს შორის მცირე მანძილი და თბილისში ბინის ქირის მაღალი ფასი ახალგაზრდებს აიძულებს ყოველდღიურად იარონ.

ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ახალი ფასები მათთვის ხელმისაწვდომი არ არის და ტარიფები გადახედვას საჭიროებს.

სოფელ ალგეთის მკვიდრი,

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსის სტუდენტი ულვი ისმაილოვი თბილისში კვირაში ორჯერ დადის. ის ასევე კვირაში ხუთი დღე მაღაზიაში მუშაობს საკუთარი ხარჯების დასაფარად.

„კვირაში 5 დღე მაღაზია „ორი ნაბიჯში“ ვმუშაობ. დარჩენილი 2 დღე ჩემი დასვენების დღეებია და ამიტომ მარნეულში, სახლში მოვდივარ. მხოლოდ სოფლიდან მარნეულამდე მგზავრობაში კვირაში 10 ლარს ვიხდი. ფასების მატებამდე თვეში მხოლოდ გზის ხარჯი დაახლოებით 50 ლარი მქონდა. რა თქმა უნდა, გზის ფულის გარდა პირადი ხარჯებიც მაქვს. ფასების გაძვირების შემდეგ ვფიქრობ, რომ გზისთვის მეტი თანხის გამოყოფა მომიწევს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩემი ხარჯები თვეში დაახლოებით 100 ლარამდე გაიზრდება.

ფასების ასეთი მატება, როგორც ჩემთვის, ისე ყველა სტუდენტისთვის, ვინც სწავლის გამო მგზავრობს, რთული ვითარებაა. ახალი ფასები სირთულეებს უქმნის არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ მოსახლეობასაც. ვფიქრობ, შესაბამისმა უწყებებმა მოსახლეობისა და სტუდენტების სურვილები და უკმაყოფილება უნდა გაითვალისწინონ. ფასები თავიდან უნდა გაანალიზდეს და ახალი, უფრო ხელმისაწვდომი და შესაბამისი ტარიფი დაწესდეს“,
— თქვა ულვიმ.

კიდევ ერთმა სტუდენტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ 150 ლარი გზის ხარჯი მისთვის დიდი თანხაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუდენტობის გამო არ მუშაობს და ამ ხარჯების დაფარვაში ოჯახი ეხმარება.

„თბილისში კვირაში 6 დღე დავდივარ. ბინის ქირაობისთვის თანამცხოვრები ვერ ვიპოვე და ამიტომ მგზავრობა მიწევს. ფასის მატებამდე თვეში გზის ხარჯი 144 ლარი მქონდა, ახლა კი 192 ლარი მექნება. ვფიქრობ, სტუდენტების უმეტესობა არ მუშაობს და ხარჯებს ძირითადად ოჯახიდან აღებული ფულით ფარავენ. ამ მიზეზით მათ დიდი ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნიათ. სტუდენტისთვის თვეში დაახლოებით 150 ლარი მხოლოდ გზის ხარჯისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. მით უმეტეს, როდესაც ამას დამატებით 50 ლარი ემატება, ეს უკვე გარკვეულწილად მატერიალურ სირთულეებს ქმნის“.

აღსანიშნავია, რომ მარნეულიდან თბილისის მიმართულებით ორი სამარშრუტო ხაზი ფუნქციონირებს: მარნეული-თბილისი (ვაგზლის მოედანი) და მარნეული-თბილისი (სამგორი). ამჟამად მარნეული-ვაგზლის მოედნის მიმართულებით მგზავრობის საფასური 1 ლარით გაიზარდა და 4 ლარი გახდა. მარნეული-სამგორის ხაზზე კი ფასი არ შეცვლილა და 3 ლარად რჩება.

შეგახსენებთ, რომ მგზავრობის საფასურის გაძვირების მიზეზი საწვავის ფასის მატება გახდა.

 



 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები