საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა შიო III-მ 17 მაისს, ოჯახის
სიწმინდის დღეს შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და განაცხადა,
რომ თუ საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა არ გამოსწორდება
საქართველოში „სხვა ხალხები“ გამრავლდებიან და გადააჭარბებენ
ქართველების რაოდენობას.
“თუ არ გამოვასწორეთ ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა, თუ
არ ვიზრუნეთ ოჯახის განმტკიცებაზე, გადარჩენაზე, შენარჩუნებაზე, ჩვენ
გვემუქრება რეალური საშიშროება, რომ ჩვენ მშვენიერ სამოთხესავით ლამაზ
და მშვენიერ ქვეყანაში დამკვიდრდებიან სხვა ხალხები, ჩვენთან ერთად,
რომლებსაც უყვართ ბავშვები, რომლებიც არ იშორებენ შვილებს, რომლებიც
იცავენ თავიანთ რელიგიას და ამიტომ კარგად მრავლდებიან. შეიძლება,
ღმერთმა დაგვიფაროს, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე თუ გავაგრძელეთ ჩვენ,
ეს საშიშროება რეალურია, რომ გადააჭარბონ რიცხობრივად
ქართველობას”. - განაცხადა შიო მესამემ
კათოლიკოს პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურნენ ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენელი პოლიტიკოსები, აქტივისტები და უფლებადამცველები. ისინი
მიიჩნევენ, რომ პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება უსიამოვნო და
მტკივნეულია და განცხადება საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებს
კვლავ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად აგრძნობინებს თავს.
პოლიტიკოსი და აქტივისტი, ჯეიხუნ მუჰამედალი სოციალურ ქსელში
ეხმაურება შიო მესამეს განცხადებას და აღნიშნავს, რომ დემოგრაფიაზე
ზრუნვა არა მოქალაქეების დამყოფი განცხადებებით, არამედ პოლიტიკურად
სწორი და ადამიანების გაძლიერებისაკენ მიმართული გადაწყვეტილებებითაა
შესაძლებელი.
„პატრიარქის ამ დღევანდელი გამოსვლის მერე მე კიდევ
ერთხელ ჩემი თავი ამ ქვეყანაში მეორე ხარისხოვნად ვიგრძენი და ვფიქრობ
ამ ქვეყანაში თურმე საფრთხე ვარ და ქვეყანაში სხვა ხალხებში ვითვლები
და ქვეყანა მხოლოდ ქართველობის არის.
დემოგრაფიული პრობლემებზე ზრუნვა ასეთი განცხადებებით არ ხდება.
სიყვარულით, ერთობით, როგორც შენი ასევე სხვისი რელიგიების სიყვარულით
და ქვეყნის ეკონომიური პრობლემების მოგვარებით ხდება. ასეთი
განცხადებები ქვეყნის ეთნოსით და რწმენით განსხვავებულ მოქალაქეების
მიმართ ძალიან დიდ რისკებს უქმნის. ქვეყნიდან ხალხი გარბის და
ეკონომიური პრობლემების გამო ხალხს შვილის შენახვა ეშინია.
ამ პრობლემებს სახელმწიფო თუ მოაგვარებს არც ერთი ქრისტიანი ქართველი
ერთი ან ორი შვილით არ დაკმაყოფილდება ამაში 100% დარწმუნებული
ვარ!“ - აღნიშნავს მუჰამედალი
პოლიტიკოსის, პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ მარნეულის რაიონული
ორგანიზაციის ხელმძღვანელის აგილ მუსტაფაევის განცხადებით,
საქართველოს კათალიკოს პატრიარქის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ
შეიძლება გამოიწვიოს სიცივე, წყენა და უნდობლობა საზოგადოებაში.
მუსტაფაევის განმარტებით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს
მოქალაქეები თავს საქართველოს ნაწილად თვლიან და არ მიაჩნიათ, რომ
„უცხოები“ არიან.
„ძალიან მაწუხებს იდეები, რომლებიც ნებისმიერი ერის ან
რელიგიური თემის ზრდას საფრთხედ წარმოაჩენს. იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში
თავი უცხოებად არასდროს მიგვაჩნია. ისტორიის მანძილზე საქართველოს
ძალა სხვადასხვა ერისა და რელიგიის ურთიერთპატივისცემისა და ძმობის
პირობებში იყო. აზერბაიჯანელები, ქართველები, სომხები, მუსულმანები,
ქრისტიანები, ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ყველა
ვმუშაობთ მისი სტაბილურობის, განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის.
ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში თითოეული მოქალაქე, ყველა ოჯახი იყოს
ძლიერი, სტაბილური და უსაფრთხო. ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული
ადამიანის კეთილდღეობა ერთნაირად მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
საზოგადოების განვითარება და დემოგრაფიული ცვლილებები არა შიშით,
არამედ სწორი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკით უნდა შეფასდეს.
ნებისმიერი ერისა თუ თემის არსებობა და ზრდა საფრთხეს არ წარმოადგენს,
არამედ პირიქით, ეს არის ამ სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის,
განვითარებისა და მდგრადი ძალის მაჩვენებელი. საქართველოს ნამდვილი
სიძლიერე მდგომარეობს არა მისი მრავალფეროვნების დაშინებაში, არამედ
ამ მრავალფეროვნების გაერთიანებაში სამართლიანობის, პატივისცემისა და
თანასწორობის პრინციპების საფუძველზე“. - წერს აგილ
მუსტაფაევი
პატრიარქ შიო მესამეს განცხადებას გამოეხმაურა უფლებადამცველი სამირა
ბაირამოვაც, რომელიც ხაზს უსვავს იმ ეკონომიკურ და სოციალურ
პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში ამცირებს შობადობას. ბაირამოვას
განმარტებით, ქვეყანაში ქართველი ბავშვები სიცოცხლისთვის იბრძვიან და
წამალს ითხოვენ. ყოველ წელს ათასობით ადამიანი იღუპება მხოლოდ იმიტომ,
რომ სრულფასოვანი სამედიცინო სერვისი არ არსებობს და ყოველ წელს
ასობით ადამიანი ავარიებში კვდება. ბაირამოვა საუბრობს ოჯახების
გახლეჩვაზეც და აცხადებს, რომ ბავშვების უმრავლესობა დედის ან მამის
გარეშე იზრდება, რადგან მშობლებს საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა
უწევთ.
„ძალიან მტკივნეულია, როცა ჩვენს ქვეყანაში ადამიანები
ერთმანეთს წარმომავლობით ყოფენ. საქართველოში გინდ აზერბაიჯანელი
იყოს, გინდ სომეხი, გინდ ქისტი თუ სხვა ეთნიკური ჯგუფის
წარმომადგენელი ყველა ერთი ქვეყნის შვილია, ყველა საქართველოს
მოქალაქეა.
როცა ამბობთ, თითქოს „ვიღაცები მრავლდებიან“ და ქართველები არაა, ეს
არა მხოლოდ მცდარი, არამედ სირცხვილიცაა. რეალობა ისაა, რომ თითქმის
ყველა უმცირესობების ოჯახში 2 ბავშვია, მაქსიმუმ 3 და ისიც ხშირად
მხოლოდ მაშინ, როცა ოჯახს ბიჭი არ ჰყავს. ეს საერთო სოციალური და
ეკონომიკური მდგომარეობის შედეგია და არა რომელიმე ეთნოსის
„ბრალი“.
ილია II-ს სწორედ ამიტომ უყვარდა ყველა ერი რომ ეს იყო მაგალითი
იმისა, როგორ უნდა ვხედავდეთ ერთმანეთს არა დაყოფით, არამედ
ერთობით“. - აცხადებს სამირა ბაირამოვა
კათალიკოს პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა აქტივისტი ნაშირ
ორდუხანოვიც და ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქისაგან მსგავსი
განცხადებების მოსმენა სასიამოვნო არ იყო.
„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს ახალარჩეული პატრიარქის
განცხადებას რომელიც უკავშირდება საქართველოში "სხვა ერების
გამრავლებას". მინდა ავღნიშნო, რომ მეც ვარ ე.წ " სხვა ერის
წარმომადგენელი" და საქართველოს პატრიარქისგან მსგავსი განცხადების
მოსმენა არ იყო სასიამოვნო. ჩვენ წინა პატრიარქის ბატონ ილია ll-ის
დროს მსგავსი განცხადებები არ გვესმოდა, პირიქით ის ყოველთვის
თანასწორობაზე და სხვა ერებისადმი პატივისცემაზე უსვამდა ხაზს.
მე ვფიქრობ რომ საქართველოში მთავარ პრობლემას წარმოადგენს არა "სხვა
ერების გამრავლება" არამედ ქვეყანაში უსინდისო ადამიანების,
პედოფილების, რასისტების, ფაშისტების, თაღლითების, კრიმინალების და
ა.შ. გამრავლება. შესაბამისად ჩვენ როგორც პატრიარქი, იმამები,
საზოგადოება, ხელისუფლება, მრევლი და ხალხი ყველამ ერთად ხელი უნდა
შევუწყოთ და ყველაფერი გავაკეთოთ რომ ამ ქვეყანაში გამრავლდეს არა
"კონკრეტული ერის წარმომადგენლები" არამედ "კეთილსინდისიერი
ადამიანების" რაოდენობა“. - წერს ნაშირ ორდუხანოვი
17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.
2013 წლიდან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 17 მაისს ოჯახის
სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ოჯახის სიწმინდის დღეს ქადაგებისას
საქართველოს კათალიკოს პარტრიარქმა შიო მესამემ დემოგრაფიულ
პრობლემებზე ისაუბრა და ასევე განაცხადა, რომ უნდა
„ვიშრომოთ,
ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის,
რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს
ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა
ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ
პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება, ოჯახის
დაცვის და შენარჩუნების“.
პატრიაქრის განცხადებას პრობლემურად აფასებენ ქალთა
უფლებადამცველებიც. მათი თქმით, პარტიარქის განცხადება ეხება
აბორტების აკრძალვას რაც მნიშნველოვნად გააუარესებს ქალთა უფლებრივ
მდგომარეობას.
რადიო „მარნეული“