საქართველოში მოქმედი მეჩეთების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა
“მეჩეთების ფონდი”.
ფონდის ძირითადი მიზანი ქვეყნის მასშტაბით არსებული მეჩეთების რემონტი
და ახალი მეჩეთების მშენებლობის მხარდაჭერაა. ამის შესახებ ინფორმაცია
დღეს, 20 მაისს, საქართველოს მუსლიმთა უმაღლეს რელიგიურ
ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის
თავმჯდომარემ შეიხ მირტაღი ესადოვმა გაავრცელა.
შეიხ მირტაღი ესადოვმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ ახალი
პროექტის წარდგენა არ არის და ასევე წარმოადგენს მნიშვნელოვან
ნაბიჯს
საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემის რელიგიური და სულიერი ცხოვრების
მომავალთან დაკავშირებით. მისი თქმით, ფონდის შექმნა ქვეყანაში
არსებული მეჩეთების მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
„ყველამ ვიცით, რომ მეჩეთი მხოლოდ თაყვანისცემის შენობა
არ არის. მეჩეთი არის რწმენის ადგილი, ერთობის ადგილი, სულიერების
შენარჩუნებისა და მომავალ თაობებზე გადაცემის წმინდა კერა. ისტორიის
განმავლობაში მეჩეთები მუსლიმი საზოგადოების როგორც რელიგიური, ასევე
სოციალური ცხოვრების ცენტრში იდგა.
დღეს საქართველოში მცხოვრები მუსლიმები ამ ქვეყნის განუყოფელი
ნაწილია. ჩვენ ამ მიწაზე საუკუნეების განმავლობაში ვცხოვრობდით
მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და თანაცხოვრების ტრადიციით.
საქართველოს მრავალკულტურულ და მრავალრელიგიურ საზოგადოებაში მუსლიმი
თემი, საკუთარი რელიგიური იდენტობის შენარჩუნებასთან ერთად, ქვეყნის
სტაბილურობასა და განვითარებასაც უწყობს ხელს.
თუმცა არსებობს რეალობაც. ჩვენს მიერ ჩატარებული დაკვირვებები და
მონიტორინგი აჩვენებს, რომ ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში
მუსლიმებს არ აქვთ სალოცავი მეჩეთი, ან არსებული მეჩეთები
მრავალწლიანი გამოყენების შედეგად სერიოზულ რემონტსა და აღდგენას
საჭიროებს. სწორედ ამიტომ წამოვაყენეთ მეჩეთების ფონდის შექმნის
ინიციატივა.“
თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დაკვირვებები აჩვენებს: ზოგიერთ
დასახლებაში საერთოდ არ არსებობს მეჩეთი, ან არსებული მეჩეთები
სერიოზულ რემონტს საჭიროებს. სწორედ ამიტომ ფონდის შექმნა
აუცილებლობად ჩაითვალა.
„ამ ფონდის ძირითადი მიზანია საქართველოში არსებული მეჩეთების
მდგომარეობის სისტემური შესწავლა, მუსლიმი თემის რეალური საჭიროებების
განსაზღვრა და ამ საჭიროებების ეტაპობრივი დაკმაყოფილების
მხარდაჭერა.
ჩვენ გვინდა, რომ იმ ქალაქებში, სოფლებში და დასახლებებში, სადაც
მეჩეთი არ არსებობს, აშენდეს ახალი მეჩეთები და ჰუსეინიები ან მოხდეს
მათი შეძენა. ასევე გვინდა, რომ წლების განმავლობაში გამოყენებული,
მაგრამ ამჟამად რემონტს საჭირო მეჩეთები აღდგეს და დაუბრუნდეს თავის
ღირსეულ მდგომარეობას.
ამავდროულად, მომავალში საჭიროების შემთხვევაში იგეგმება რელიგიური
განათლებისა და რელიგიური ცნობიერების ამაღლების მიმართულებით
მუშაობაც. ამ კონტექსტში მედრესეების აღდგენა ან შექმნა შესაძლოა
ერთ-ერთი სამომავლო მიმართულება გახდეს.“
შეიხ მირტაღი ესადოვმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ზემოდან
ნაკარნახევი პროექტი არ არის, არამედ თემის საჭიროებებიდან
გამომდინარე და საზოგადოებრივი მხარდაჭერით განხორციელებადი პროცესია.
დაგეგმილია ფონდის წარმომადგენლების რეგიონებში ვიზიტები, ადგილობრივ
თემებთან შეხვედრები და საჭიროებების განსაზღვრა, რის შემდეგაც
ეტაპობრივი ნაბიჯები გადაიდგმება.
„ფონდის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონში
იმოგზაურებენ, ადგილობრივ თემებთან შეხვედრები გაიმართება,
განისაზღვრება ის დასახლებები, სადაც მეჩეთების საჭიროებაა და შემდეგ
ეტაპობრივად განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ფონდის
ფინანსური საფუძველი პირველ რიგში ადგილობრივი მუსლიმი თემის
მატერიალური და მორალური მხარდაჭერა იქნება. ეს ინიციატივა ეფუძნება
საზოგადოების შიგნიდან გამომდინარე სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის
განცდას.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ მეჩეთების აშენება ან რემონტი
არ არის. ეს არის საზოგადოების ერთიანობის, სულიერების და მომავლის
გაძლიერების ინიციატივა. მეჩეთების ფონდის საქმიანობა ხელს შეუწყობს
საქართველოში მცხოვრები მუსლიმი თემის უფრო ორგანიზებულ, ძლიერ და
პასუხისმგებლიან განვითარებას.“
ესადოვმა ასევე აღნიშნა, რომ ინიციატივა ემსახურება არა მხოლოდ
სამშენებლო და სარემონტო პროცესს, არამედ საზოგადოების ერთიანობის,
სულიერებისა და მომავლის გაძლიერებას. ფონდის საქმიანობა ხელს
შეუწყობს მრავალკულტურულ საზოგადოებაში ურთიერთპატივისცემისა და
სტაბილურობის განმტკიცებას.
„ჩვენ გვჯერა, რომ საზოგადოების ძალა მხოლოდ ეკონომიკური
და პოლიტიკური შესაძლებლობებით არ იზომება. საზოგადოების ნამდვილი
ძალა მის სულიერებაში, ერთიანობასა და საერთო პასუხისმგებლობის
განცდაშია. დღეს დაწყებული ინიციატივა სწორედ ამ ღირებულებებს
ემსახურება.
იმედს ვიტოვებთ, რომ მეჩეთების ფონდი მომავალში გახდება მნიშვნელოვანი
პლატფორმა, რომელიც საქართველოში მცხოვრები მუსლიმების რელიგიურ და
სულიერ ცხოვრებას შეუწყობს ხელს, გააძლიერებს ერთიანობას და მომავალ
თაობებს მოემსახურება. ღმერთს ვთხოვთ, რომ ეს ინიციატივა იყოს
წარმატებული და კურთხეული, და საზოგადოებას მოუტანოს ერთიანობა,
სტაბილურობა და სულიერი ძალა.“
ესადოვმა დასასრულს აღნიშნა, რომ საქართველოში მეჩეთების მშენებლობისა
და რემონტის პროცესში არსებობს ხელოვნური დაბრკოლებები და მათი
აღმოფხვრისთვის კანონიერი გზებით გადაიდგმება ნაბიჯები, რათა
მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ არსებობდეს.