1 ივნისს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მარნუელელმა
რამალ აჰმედოვმა მარნეულის ცენტრალურ სასაფლაოზე ბრიფინგი გამართა.
მისი განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მარნეულის მერიამ სასაფლაოზე
დასუფთავების სამუშაოები ჩაატარა, ხოლო ამ პროცესში მარნეულის მერმა,
დაურ ისმაილოვმა, საკუთარი თავის რეკლამირება მოახდინა. აჰმედოვის
თქმით, ჩატარებული სამუშაოები სარეკლამო ხასიათს ატარებდა.
„რამდენიმე დღის წინ მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი
მოვიდა სასაფლაოზე და საკუთარი თავის რეკლამირება დაიწყო. დაახლოებით
10 მეტრი ტერიტორია გააწმენდინა. შემდეგ სოციალურ ქსელებში დაწერა,
რომ მარნეულის ცენტრალური სასაფლაო გააწმენდინა. მოსახლეობისა და
მეგობრებისგან მიღებული ზარების საფუძველზე მითხრეს, რომ სასაფლაოზე
რეალურად არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. ორი დღის წინ თავად მოვედი
და ჩემს Facebook გვერდზე პირდაპირი ეთერი ჩავრთე. ადგილზე
დავრწმუნდი, რომ აქ სამუშაოები არ იყო შესრულებული. დაურ ისმაილოვმა
უბრალოდ საკუთარი თავის რეკლამირება მოახდინა და სასაფლაოს
გამოყენებით პიარის მიღება სცადა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი
გამოვაქვეყნე და ყველამ ნახა, რომ სასაფლაოზე სამუშაოები არ
ჩატარებულა. მიღებული ინფორმაციის თანახმად, დილის 5 საათიდან
მარნეულის დასუფთავების სამსახური სასაფლაოზე მუშაობს. ეს ჩემი
გამარჯვება არ არის, ეს ხალხის გამარჯვებაა. აქ არავინ მომიწვევია
საკუთარი თავის რეკლამისთვის ან პიარისთვის. ახლა სამუშაოები
მიმდინარეობს და ყველას შეუძლია მოვიდეს და ნახოს. მინდა მივმართო
მარნეულის მერიას და პირადად დაურ ისმაილოვს, ნუ მოატყუებ ხალხს
საკუთარი რეკლამის მიზნით. ეს ხალხი არ არის ის ხალხი, რომელიც შენს
ტყუილებს დაიჯერებს. სადაც არ უნდა რაიმე საქმე გააკეთოთ, როგორც
ოპოზიციური პარტიის წევრი, იქ აუცილებლად მივალ და ამ საქმეს
გავაშუქებ, რათა ხალხმა დაინახოს, რეალურად კეთდება თუ არა
რამე.“
აჰმედოვის განცხადებით, სასაფლაოზე შესრულებული სამუშაოების დიდი
ნაწილი ემიგრაციაში მყოფი ადამიანების მხარდაჭერით განხორციელდა.
„ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მარნეულის ცენტრალური
სასაფლაოს ჭიშკრის მოწყობა, 43 მანქანა ხრეშის შეტანა და წყლის
სისტემის გაყვანა პოლონეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, ჩინგიზის
დახმარებით განხორციელდა. ეს მერიამ საკუთარ დამსახურებად არ უნდა
წარმოაჩინოს. გუშინ საღამოს ჩინგიზი დამიკავშირდა და მითხრა, რომ თუ
დასუფთავების სამუშაოები არ გაგრძელდებოდა, საჭირო ხარჯებს თავად
დაფარავდა. სასაფლაო წმინდა და ხელშეუხებელი ადგილია და მის
სისუფთავეზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ. დიახ, თითოეულმა ადამიანმა თავისი
ახლობლის საფლავი უნდა გაასუფთავოს და მოინახულოს. მაგრამ ვინ
აიძულებდა დაურ ისმაილოვს აქ მოსვლას და საკუთარი თავის რეკლამირებას?
ეს იყო რეკლამა და სარეკლამო ხასიათის ქმედება.“
ბრიფინგის დროს სასაფლაოზე შპს „სუფთა მარნეულის“ ხელმძღვანელი და
თანამშრომლებიც მივიდნენ. კომპანიის დირექტორმა ლერი მუმლაძემ
ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, სამუშაოების სრულად
დასრულება უამინდობისა და სხვადასხვა დღესასწაულის გამო ვერ
მოხერხდა.
„ეს ყველაფერი ტყუილია. ამინდის გამო ბრიგადის მუშაობა
შეჩერებული იყო, რადგან წვიმის დროს დასუფთავების სამუშაოების
შესრულება ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, დღევანდელი დღიდან
სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში განვაახლეთ და სავარაუდოდ, მათ სრულად
დასასრულებლად დაახლოებით ერთი კვირა დაგვჭირდება. პრობლემა არ
არსებობს. სამუშაოები დაწყებულია და აუცილებლად დასრულდება. წვიმის
გამო თანამშრომლების გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ბრიგადა სამი დღის
განმავლობაში მუშაობდა, დაახლოებით ხუთი ადამიანი ყოველდღიურად ექვსი
საათის განმავლობაში. თუმცა უამინდობამ ხელი შეგვიშალა და სამუშაოები
შევაჩერეთ. კვირა დასვენების დღე იყო, დღეს კი ორშაბათია და მუშაობას
ვაგრძელებთ. კომუნალურ მომსახურებას მთლიანად ჩვენ ვახორციელებთ. ეს
სამუშაოები ყურბან-ბაირამთან დაკავშირებით ჩატარდა. ანალოგიური
სამუშაოები აღდგომის დღესასწაულის დროსაც განხორციელდა წერეთელში,
თამარისში და რამდენიმე ქართულ სოფელში.“ - განაცხადა
ლერი მუმლაძემ
აღსანიშნავია, რომ სასაფლაოზე სარეველა ბალახის გაწმენდის სამუშაოები
ამ დრომდე გრძელდება.