„იძულებულნი გავხდით შეგვეჩერებინა გაზის მიწოდება“ - „სოკარი“ ყიზილაჯილოში „მამედგაზთან“ შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
შპს „SOCAR Gas Export-Import“ კომპანია „მამედგაზის“ ხელმძღვანელის, ნარიმან ალახვერდიევის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს და აცხადებს, რომ სოციალური გაზის ტარიფების დადგენა მათ კომპეტენციას არ განეკუთვნება.


9 ივნისიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „მამედგაზის“ ხელმძღვანელმა ნარიმან ალახვერდიევმა განაცხადა, რომ გაზის გათიშვის მიზეზი “სოკართან” არსებული დავაა.

აღნიშნულ ბრალდებებს “სოკარი” უარყოფს. კომპანიის განცხადებით, 2020 წლის

თებერვლიდან „მამედს“ ბუნებრივ გაზს აწვდიდა სოფელ ყიზილაჯლოში მოსახლეობის გაზმომარაგების მიზნით და სოციალური გაზის მიწოდება ყოველთვის იმ ტარიფით ხორციელდებოდა, რომელსაც უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო განსაზღვრავს.

SOCAR-ის ინფორმაციით, 2020 წლიდან დღემდე „მამედისთვის“ სოციალური გაზის ფასი ოთხჯერ შეიცვალა, თუმცა გარკვეულ პერიოდებში კომპანია ახალ ტარიფებს არ აღიარებდა და ანგარიშსწორებას 2020 წელს მოქმედი ფასით ახორციელებდა. კომპანიის შეფასებით, სწორედ ამის შედეგად დაგროვდა დავალიანება, რომლის გამოც „მამედისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეჩერდა.

"კომპანია „მამედ“-ს დაუგროვდა დიდი დავალიანება მიწოდებული გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო. განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია „მამედ“-ის მხრიდან ჩვენს მიმართ გამოთქმული ბრალდებები მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ჩვენი კომპანიის საქმიანობა ყოველთვის ეფუძნებოდა კანონმდებლობისა და შესასრულებლად სავალდებულო ყველა სახელმწიფო რეგულაციისა და ნორმატიული აქტის მკაცრ დაცვას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ SOCAR არ ადგენს ტარიფებს სოციალურ გაზზე. ჩვენ მხოლოდ მკაცრად ვიცავთ სოციალური დანიშნულების გაზის შესყიდვისა და გაყიდვის იმ ტარიფებს, რომლებსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს უფლებამოსილი ორგანო. ჩვენი მხრიდან, არაერთხელ მოვუწოდეთ კომპანია „მამედ“-ს, დაბრუნებულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და ემუშავა ბაზრის სოციალური სეგმენტისთვის დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, თუმცა უშედეგოდ. ამიტომ, იძულებულნი გავხდით მიგვემართა რადიკალური ზომებისთვის და შეგვეჩერებინა გაზის მიწოდება კომპანია „მამედ“-ისთვის ჩვენი ურთიერთობების სრულ დარეგულირებამდე. - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

SOCAR-ში აცხადებენ, რომ არაერთხელ მოუწოდეს „მამედს“ საქმიანობა სოციალური სექტორისთვის დადგენილი რეგულაციების შესაბამისად წარემართა, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც კომპანიამ ურთიერთობების დარეგულირებამდე გაზის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე, საკითხზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი), სადაც აცხადებენ, რომ სოფელ ყიზილაჯლოში ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს. კომისიის განმარტებით, „მამედს“ სოციალური გაზის შესასყიდ ფასზე დაგროვილი დავალიანება აქვს, ხოლო მომხმარებლებს სემეკის მიერ დადგენილ 47-თეთრიან ტარიფზე მაღალ – 57-თეთრიან ტარიფს არიცხავს, რის გამოც შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მიერ მოკვლევა მიმდინარეობს.

SOCAR-ის განცხადებით, „მამედთან“ სასამართლო დავა არ მიმდინარეობს და კომპანია იმედოვნებს, რომ შექმნილი ვითარების მოგვარება მხარეებს შორის შეთანხმებით იქნება.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რადიო მარნეული საკითხით დაინტრესდა და სტატია მოამზადა, ადგილობრივა თვითმმართველობამ განცხადება გაავრცელა და ყიზილაჯლოს მოსახლობას შეხვდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები