ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
ამავე სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებთან
კოორდინაციით,
საქართველოს საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული
სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.
ოპერატიული ღონისძიებებისა და კომპლექსურად ჩატარებული საბაჟო
პროცედურების ფარგლებში დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა
სატვირთო ავტომობილმა, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს
ახორციელებდა, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი საბაჟო გამშვები
პუნქტი „წითელი ხიდის“ გავლით გადმოკვეთა.
სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების
მიხედვით,
სატვირთო ავტომობილი 290 ცალი ლითონის კარით იყო
დატვირთული, ხოლო ტვირთის საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ჩეხეთის
რესპუბლიკა წარმოადგენდა.
რისკის კრიტერიუმების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, აღნიშნული
სატვირთო ავტომობილი შეაჩერეს და დეტალური დათვალიერების მიზნით,
საბაჟო კონტროლის ზონაში განათავსეს.
უფლებამოსილი პირების მიერ ერთ-ერთი კარის შიგთავსის გახსნის შედეგად,
მალულად განთავსებული 1 496 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო
სიგარეტი აღმოაჩინეს. მთლიანი ტვირთის დათვალიერებისას კი, საერთო
ჯამში, გამოვლინდა სხვადასხვა დასახელების 433 840 კოლოფი ფილტრიანი
სიგარეტი, კერძოდ: „Menthol Queen“, „NZ“ და „MINSK“.
უწყების ინფორმაციით, აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას
დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 2 429 504
ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.