“ოცნებისა” და “ხალხის ძალის” უთანხმოებამ შესაძლოა დაურ ისმაილოვს პოსტი დააკარგვინოს - იმამყულიევი
მარნეულელი პოლიტიკოსი ახმედ იმამყულიევი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში შესაძლოა ახალი არჩევნებისთვის მზადება დაიწყოს და ამჟამინდელი მერი დაურ ისმაილოვი თანამდებობიდან გადააყენონ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე შიდა პოლიტიკური დისკუსიები მიმდინარეობს მმართველ პარტიებთან დაკავშირებულ ჯგუფებში.
იმამყულიევის განცხადებით, საუბარია მმართველი ძალების - „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე, რომელიც, მისი შეფასებით, მარნეულის პოლიტიკაზეც აისახა. მისი თქმით, მერის საქმიანობით უკმაყოფილება

იზრდება და განიხილება მისი შეცვლის შესაძლებლობა, რაც, მისი განმარტებით, ახალი არჩევნების ჩატარებასაც შეიძლება გულისხმობდეს.

“ეს ინფორმაცია არის არაოფიციალური, მაგრამ სანდო. ვინაიდან ამ ინფორმაციამ გაჟონა ქართული ოცნების და ხალხის ძალის პარტიების მიერ. ანუ შიგნით არის ეს საუბრები. ჩვენ კარგად ვიცით, ხალხის ძალა და ქართული ოცნება დღეს ცენტრალურ დონეზე და ეს დაპირისპირება გადმოვიდა მარნეულშიც. მარნეულში ჩვენი ეგრედ წოდებული მერის უმოქმედობის გამო ფიქრობენ, უნდა შეცვალონ. შეცვლა ნიშნავს, რომ ხელახლა უნდა ჩატარდეს არჩევნები. ეს პოსტი არის არჩევითი. დაურ ისმაილოვმა საერთოდ არ იცის მერი რას ნიშნავს და მისი მოვალეობა რა არის. უკვე მეცხრე თვეა, რაც აღნიშნულ პოსტზეა, მაგრამ თავისი მოადგილეებიც კი თვითონ ვერ აირჩია. ჩემი ინფორმაციით ამ თვეში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ისიც შესაძლებელია, რომ ხალხის ძალამ და ქართულმა ოცნებამ ერთმანეთში მოაგვარონ და დანიშნონ მოადგილეები ქართული ოცნებიდან, რომლებიც იქნებიან მარნეულის მმართველები. ასე ვფიქრობ. ამ თვის ბოლოს იქნება ნათელი ყველაფერი.” - უთხრა რადიო “მარნეულს” ახმედ იმამყულიევა.

იმამყულიევი ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში გააქტიურების სურვილი აქვს და საკუთარ თავს „ხალხის წარმომადგენლად“ განიხილავს, მათ შორის მომავალში მერის პოსტზეც.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები