მარნეულის მერიამ 7 საჯარო სკოლის რეაბილიტაციისათვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

დოკუმენტების მიხედვით, კვლევა მუნიციპალიტეტის შვიდ საჯარო სკოლას მოიცავს, ხოლო შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 1 920 000 ლარია.

ბაზრის კვლევის ფარგლებში სოფელ ქუთლიარის საჯარო სკოლაში დაგეგმილია ახალი სასწავლო კორპუსის პროექტირება, არსებული შენობის რეაბილიტაცია, ასევე სპორტული და ხელოვნური საფარის მოედნების მოწყობა. სოფელ ალგეთის

საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო კორპუსისა და არსებული შენობის რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება.

ქალაქ მარნეულის ჯანდარის დასახლების საჯარო სკოლისთვის იგეგმება სპორტული დარბაზის, სასადილოს, ახალი სასწავლო კორპუსის, ბიბლიოთეკისა და ადმინისტრაციული სივრცეების, ასევე ეზოს კეთილმოწყობის პროექტირება. სოფელ საბირკენდის №1 საჯარო სკოლაში კი ბუფეტის მშენებლობისა და სასწავლო კორპუსის ნაწილობრივი რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება.

სოფელ შულავერის №2 საჯარო სკოლაში დაგეგმილია ახალი სასწავლო კორპუსის, სპორტული დარბაზის, ბიბლიოთეკის, სასადილოს, ადმინისტრაციული სივრცეების, გარე განათებისა და ეზოს კეთილმოწყობის პროექტირება.

სოფელ ყიზილაჯლოს №1 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზის მშენებლობის, არსებული შენობის რეაბილიტაციისა და გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროექტი მომზადდება, ხოლო სოფელ კიროვის საჯარო სკოლაში მცირე ბუფეტის მშენებლობის, არსებული შენობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობის პროექტირება იგეგმება.

ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტი ტენდერს გამოაცხადებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები