შაჰველად აივაზოვი საქართველოში მომუშავე ფოტოჟურნალისტია, რომლის
კარიერა რამდენიმე ათწლეულს მოიცავს.
სხვადასხვა დროს ის აშუქებდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს
გარეთ მომხდარ მოვლენებს, მათ შორის: 9 აპრილის პროტესტს, ჩეჩნეთის
ომსა და კონფლიქტებს საქართველოს რეგიონებში.
მისი ფოტოარქივის ნაწილის ერთ სივრცეში მოსაქცევად, საქართველოს
კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის
ერთობლივი პროექტის ფარგლებში, წიგნი-ალბომი გამოიცა. ორენოვანი
(ქართულ-ინგლისური) გამოცემა სტამბა „CEZANNE“-ში „კრეატიული
საქართველოს“
მხარდაჭერით დაიბეჭდა. პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია
გიორგი მამაცაშვილი.
ბიოგრაფიული მონაცემები
შაჰველად აივაზოვი 1956 წლის 26 ივნისს თბილისში დაიბადა. ფოტოგრაფიით
სკოლის პერიოდში, მეშვიდე კლასში დაინტერესდა, როდესაც პირველი
კადრები „Smena“-ს მარკის ფოტოაპარატით გადაიღო.
მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის
ფაკულტეტი. პროფესიული საქმიანობა საინფორმაციო სააგენტო
„საქინფორმში“ ფოტოკორესპონდენტად დაიწყო. 1992 წლიდან დღემდე
თანამშრომლობს საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „Associated
Press“-თან (AP).
შაჰველად აივაზოვი არის ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანი და
ჟურნალისტთა ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი. მიღებული აქვს
„ღირსების“ ორდენი, ალექსანდრე როინაშვილის სახელობის დიპლომი და
თავდაცვის სამინისტროს გრან-პრი. ასევე არის საერთაშორისო
ფოტოკონკურსების მონაწილე და ლაურეატი.
ამჟამად ის საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანულენოვან გაზეთ
„გურჯისტანში“ მუშაობს.