მარნეულის კოსტავას ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა

მარნეულის კოსტავას ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა.

ამის მიზეზი ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემის მოწყობაა. სამუშაოებს კომპანია „ჯი-პი-აი კონტრაქტი“ (GPA contract) ახორციელებს.

კომპანიის თანამშრომლების ინფორმაციით, სამუშაოები დაახლოებით 17:00 საათამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში, მთავარ წყლის მილებს გათხრილ თხრილებში განათავსებენ და მათ კერძო საცხოვრებელ სახლებთან მიმავალ ქსელებს შეუერთებენ.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 23 ოქტომბერს, მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში, ორი

თვის განმავლობაში რამდენიმე ქუჩა ეტაპობრივად დაიკეტა.

გრაფიკის მიხედვით, აღდგენითი სამუშაოები ორ თვეში, 30 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა წყლისა და კანალიზაციის პროექტის დასრულების თარიღმა 2026 წლის მარტამდე გადაიწია. ამჟამად მარნეულში სასმელი წყლის მილების გაყვანა კვლავ გრძელდება.

ქალაქ მარნეულსა და მიმდებარე სოფლებში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტი 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გადაითხარა გზები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ზიანი მიადგა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და კერძო ავტომობილებს. თავდაპირველი გეგმით, კომპანია "აკელიკ გრუპს" (Akelik Group) სამუშაოები 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა ვინაიდან კომპანიამ ვალდებულებები ვერ შეასრულა, 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა.

წყალმომარაგების კომპანიამ ახალი ხელშეკრულება თურქულ და ჩინურ კომპანიებთან გააფორმა. ამჟამად სამუშაოებს "China Geo-Engineering Corporation" (CGC) და "POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Şirketi" ახორციელებენ.

აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტზე 135 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში შენდება ახალი წყალმომარაგების ქსელი, სატუმბი სადგური, რეზერვუარები, ახალი საკანალიზაციო ქსელი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და ახალი საკანალიზაციო ინფრასტრუქტურით უნდა იქნას უზრუნველყოფილი.

ამავე თემაზე: მარნეულში წყლისა და წყალარინების პროექტის დასრულებამ სექტემბრამდე გადაიწია
ქუჩები მარნეულში, რომელიც წყალმომარაგების ფარგლებში გადაიკეტება - რუკა

 


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები