მარნეულში დაბინძურებული „გარა არხი“ (შავი არხი) ისევ გაწმინდეს.
მარნეულის მერი, დაურ ისმაილოვი "რეგიონნიუსის" მიერ გავრცელებულ
ვიდეოში მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, რომ არხი არ
დაანაგვიანონ.
“სამწუხაროდ, ისევ გარა არხის მიმდებარე ტერიტორაზე ვართ, ისევ არის
დანაგვიანებული ეს არხი. არაერთხელ გაიწმინდა. მე მინდა მივმართო ჩემს
მარნეულელებს და ვთხოვო, მოდით ერთად გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას,
ჩვენს გარემოს” - ამბობს დაურ ისმაილოვი ინტერვიუში.
რადიო „მარნეულმა“ არხის მდგომარეობის შესახებ სიუჟეტი არაერთხელ
მოამზადა, რის შემდეგაც ტერიტორია პერიოდულად იწმინდებოდა, თუმცა
პრობლემა კვლავ მეორდება და არხი გაწმენდიდან მალევე ბინძურდება.
ჩვენ არაერთხელ ჩავწერეთ საქართველოს მელიორაციის მარნეულის
სერვისცენტრის ხელმძღვანელი თორნიკე გოგლიძე, რომლის განცხადებითაც,
დაბინძურება
ძირითადად მოსახლეობის არასწორი ქცევის შედეგია, რის გამოც არხის
გაწმენდა პერიოდულად ხდება საჭირო. მისი თქმით, ასეთი სამუშაოების
ყოველდღიურად განხორციელება შეუძლებელია.
საჯარიმო სანქციების გატარების უფლებამოსილება სხვადასხვა უწყებას
აქვს:
• მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური - აკონტროლებს
დასახლებულ პუნქტებში საჯარო სივრცეების სისუფთავეს და რეაგირებს
ნაგვის არასწორად განთავსებაზე;
• გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტრო) - ახორციელებს გარემოსდაცვით კონტროლს
და სამართალდარღვევებზე რეაგირებას;
• საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - შეუძლია
სამართალდარღვევის დაფიქსირება და შესაბამისი ინფორმაციის გადაგზავნა
უფლებამოსილ ორგანოებში.