195 257 ლარის ხორცი შეიძინა მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან, რომელმაც ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ კომპანია „ბი.ჯი.ემ.1“-სგან 195 257 ლარის ღირებულების ხორცი შეიძინა. სწორედ აღნიშნულ ფაქტზე დააკავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, ცხენის ხორცის შეტანისა და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით 2 პირი.
„რადიო მარნეულის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში მოძიებული ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად, ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებასა“

და შპს „ბი.ჯი.ემ.1“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მუნიციპალიტეტს სულ 6 733 კილოგრამი საქონლის ხორცი უნდა შეეძინა.

• ერთეულის ფასი: 1 კგ საქონლის ხორცი - 29.00 ლარი
• სულ შესყიდული რაოდენობა: 6 733 კგ
• ჯამური ღირებულება: 195 257.00 ლარი


ამავე ხელშეკრულებით, „ბი.ჯი.ემ.1“ მარნეულის საბავშვო ბაღებს ქათმის ხორცითაც ამარაგებდა.რაშიც ჯამში მარნეულის ბიუჯეტიდან 218`357 ლარი დაიხარჯა. კომპანიამ ბაღებისთვის ხორცის მიწოდება მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და პროცესი 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ კომპანიებს – „ბი.ჯი.ემ.1“-სა და ,,ქართული ხორც-პროდუქტების ფერმას“ მოგებული ჰქონდათ ა(ა)იპ „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანებისა“ და ა(ა)იპ „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მიერ გამოცხადებული ტენდერები, რომელთა ფარგლებშიც ევალებოდათ საბავშვო ბაღებისთვის საქონლის ხორცის მიწოდება. აღნიშნული კომერციული ორგანიზაციების დირექტორებმა, 2026 წლის მაისში, საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად, მოტყუებით, შეიტანეს ცხენის ხორცი და შედეგად, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, ასევე 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები