10 აგვისტოდან გაზი გაეთიშებათ „მამედ გაზის“ იმ აბონენტებს, რომლებიც „სოკარში“ არ დარეგისტრირდებიან
მარნეულში, „მამედ გაზის“ ოფისთან „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები.

როგორც შსს-ში განმარტავენ, პოლიცია ადგილზე მხოლოდ უსაფრთხოების წესების დასაცავად იმყოფებოდა.

როგორც „სოკარ ჯორჯია გაზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თეონა რუხაძემ განაცხადა, 30 ივლისს გამოქვეყნებული დადგენილების შესაბამისად, კომპანიამ „მამედ გაზის“ ყოფილი აბონენტების ხელახალი რეგისტრაციის პროცესი დაიწყო.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე დაიწყო იმ კომერციული ობიექტების (მათ შორის „მამედ გაზის“ კუთვნილი რამდენიმე ობიექტის) გაზმომარაგების გათიშვა, რომლებმაც არ გაიარეს რეგისტრაცია და ბუნებრივ აირს უკანონოდ, დანაკარგის სახით მოიხმარდნენ.

„ყველა აბონენტს, რომელიც იყო «მამედ გაზის» მომხმარებელი, ჩვენ დავიწყეთ მათი რეგისტრაცია. როგორც იცით, 30 ივლისს გამოქვეყნდა დადგენილება და შემდეგ უკვე ჩვენ გავხდით ამ აბონენტებისთვის გაზის გამანაწილებელი კომპანია. დავიწყეთ აბონენტების რეგისტრაცია, 5 აგვისტომდე გქონდა გათვლილი, რომ ეს აბონენტები უნდა გადმორეგისტრირებულიყვნენ ჩვენთან. ახლა 8 აგვისტომდე ვიღებთ მოსახლეობისგან განაცხადებს, თუმცა დავიწყეთ

კომერციული აბონენტების, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ ჩვენს მომხმარებლად, მათი გათიშვა, ვინაიდან ისინი რეალურად დღეს უკანონოდ მოიხმარენ გაზს, ისინი ჩვენი აბონენტები არ არიან და გაზი კიდევ დანაკარგის სახით იხარჯება. ასევე დავიწყეთ მათი გათიშვა ამ კომერციულ ობიექტებში, რა თქმა უნდა, მათ შორისაა «მამედ გაზის» რამდენიმე ობიექტი,“ -
აცხადებს თეონა რუხაძე.

რუხაძის განმარტებით, იმ მომხმარებლებს, რომლებიც არ წარადგენენ განაცხადს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ 10 აგვისტოდან.

„მამედ გაზის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებს „ინტერპრესნიუსი“ პირდაპირ ეთერში აშუქებდა. ლაივის მიმდინარეობისას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ხალხის თქმით, ისინი კმაყოფილები იყვნენ „მამედ გაზის“ მომსახურებით და კომპანიის ჩანაცვლება არ სურთ.

სოკარის განმარტებით. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მარნეულის სერვისცენტრში მისამართზე: ქ. მარნეული, იაღლუჯის 23 ან სოფლის გამგეობის შენობაში.
წარადგინეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მისამართი, ტელეფონის ნომერი და მრიცხველის ფოტო.

ინფორმაციის გადაგზავნა ასევე შეგიძლიათ:

კომპანიის ოფიციალურ მეილზე - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ;
  • WhatsApp-ის და Viber-ის საშუალებით ტელეფონის ნომერზე - 577 33 03 46
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 16114
სემეკის 2026 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „მამედს“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუქმდა. 1 აგვისტოდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილ-აჯლოში გაზმომარაგების საქმიანობას შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ განახორციელებს.

დაახლოებით ერთი თვის წინ, შპს „მამედგაზსა“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკი) შორის წარმოქმნილი ფინანსური უთანხმოების გამო, მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდა.

დავის მთავარი მიზეზი გაზის ტარიფი გახდა: „მამედგაზი“ მომხმარებლებისგან სემეკის მიერ დადგენილ 47-თეთრიან ტარიფზე მეტს - 57 თეთრს ითხოვდა, რის გამოც მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 30 ივლისს გაავრცელა კომპანია სოკარმა ინფორმაცია , რომ ყიზილაჯლოში, „მამედს“ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია გაუქმდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები