განათლების სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად, ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობებისთვის განკუთვნილი ქართულ ენაში
მომზადების (1+4) პროგრამის სტუდენტებს საბაკალავრო მიმართულებების
არჩევანი მკვეთრად შეეზღუდათ.
31 საგანმანათლებლო პროგრამის ნაცვლად, კურსდამთავრებულებს სწავლის
გაგრძელება აღნიშნულ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლიდან მხოლოდ
14 მიმართულებაზე შეეძლებათ.
„ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამა“ წლებია
წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ხიდს ეთნიკური უმცირესობების
წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის. 2025-2026 სასწავლო წლის ბოლოს
ილიაუნის აღნიშნულ
პროგრამას 225 კურსდამთავრებული ჰყავს, თუმცა მათ
უმრავლესობას სასურველ ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა
წაერთვა.
გასულ წლებში, მოსამზადებელი კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს
არჩევანის გაკეთება 31 საბაკალავრო პროგრამას შორის შეეძლოთ. მათ
შორის იყო ისეთი მოთხოვნადი მიმართულებები, როგორებიცაა: სამართალი,
ფსიქოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება,
სოციოლოგია, ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი, არქიტექტურა,
ხელოვნებათმცოდნეობა, ეკოლოგია და სხვა.
ახალი რეფორმის ფარგლებში, ფაკულტეტების გადანაწილებისა და
ოპტიმიზაციის შედეგად, უნივერსიტეტში 1+4 პროგრამის
კურსდამთავრებულთათვის მხოლოდ 14 პროგრამა დარჩა (მათგან უმეტესობა
მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების ინტეგრირებული მოდულით):
1. ანგლისტიკა
2. გამოყენებითი გერმანისტიკა
3. საფრანგეთისმცოდნეობა
4. ისტორია
5. რუსისტიკა
6. ქართული ფილოლოგია
7. თავისუფალი მეცნიერებები
8. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები
9. ფიზიკა
10. ბიოლოგია
11. მათემატიკა
12. კომპიუტერული ინჟინერია
13. სამოქალაქო ინჟინერია
14. ადრეული ბავშვობა, განვითარება და განათლება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების
ფაკულტეტის ანგლისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, ნინო
მათარაძის თქმით ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მტკივნეულია იმის
გათვალისწინებითაც, რომ 1-წლიანი მოსამზადებელი კურსი მხოლოდ ენის
სწავლებას არ გულისხმობდა. ეს იყო უნივერსიტეტის სივრცესა და ქალაქში
სტუდენტების სრული ინტეგრაციის პროცესი.
“სტუდენტებს აღარ აქვთ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ ყველა ის
პროგრამა, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წინა წლებში
აცხადებდა და მათ შორის ის პროგრამები, რომელიც ეგონათ, რომ
შეძლებდნენ სწავლის გაგრძელებას, როდესაც ჩააბარეს ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტში. ანუ ჩააბარეს იმ იმედით, რომ ილიაუნშივე
გააგრძელებდნენ სწავლას მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე,
მაგრამ სწავლის პროცესში გაირკვა,რომ მნიშვნელოვნად შეეზღუდათ
პროგრამების არჩევანი ილიაუნიში."
1+4 პროგრამის სტუდენტი, ბაირამ მამედოვი, სოციალურ ქსელში
გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდების
გვერდის ავლით მიიღეს:
„ჩვენ, 1+4 მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტები, იძულებულები
გავხდით, ნაადრევად დავშორებოდით ილიას უნივერსიტეტს. ეს არ ყოფილა
ჩვენი არჩევანი. ჩვენი უფლებების დასაცავად არაერთი ნაბიჯი გადავდგით
გავმართეთ აქციები, დავწერეთ განცხადებები, თუმცა გადაწყვეტილება
ჩვენი მონაწილეობისა და თანხმობის გარეშე მიიღეს. განათლების
სისტემაში განხორციელებულმა რეფორმამ ასობით სტუდენტის მომავალი და
გეგმები თავდაყირა დააყენა.“
მამედოვის თქმით, ეს განცხადება არა ერთი ადამიანის, არამედ
მოსამზადებელი პროგრამის ყველა სტუდენტის საერთო პოზიციას გამოხატავს,
რომელთაც მხოლოდ იმ უნივერსიტეტში სწავლის დასრულება სურდათ, რომელიც
თავად აირჩიეს.
იმ სტუდენტებს, რომელთა სასურველი სპეციალობებიც ილიაუნიში გაუქმდა ან
სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადავიდა, ახლა მოუწევთ სწავლის
გაგრძელება სხვა უნივერსიტეტებში დაგეგმონ. ეს კი მათგან ხელახალ
ადაპტაციას, საცხოვრებელი პირობების შეცვლას და იმ გარემოს დატოვებას
მოითხოვს, სადაც ინტეგრაციის პირველი, ყველაზე რთული ეტაპი
გაიარეს.