გარდაბანში 2.64 მილიონი ლარის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, წარსულში თაღლითობისთვის სამჯერ ნასამართლევმა ბრალდებულმა, ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი. ჯგუფის მიზანს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მდებარე, უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრებაში არსებული 2

640 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება წარმოადგენდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2026 წლის მაისში ნოტარიუსს წარუდგინეს თითქოსდა საბერძნეთში გაცემული ყალბი მინდობილობა. დოკუმენტის მიხედვით, დაზარალებული ერთ-ერთ ბრალდებულს მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით სრულ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, მათ შორის ქონების განკარგვის უფლებას, ანიჭებდა.

ყალბი მინდობილობის გამოყენებით ბრალდებულებმა ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს და ნოტარიუსისა და მარეგისტრირებელი ორგანოს მოტყუებით, დაჩქარებული წესით, მიწის ნაკვეთი ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე დაარეგისტრირეს.

უკანონოდ დაუფლებული ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, ბრალდებულებმა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება წარუდგინეს. დოკუმენტის მიხედვით, დანაშაულებრივად დაუფლებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ერთი ბრალდებულიდან ჯგუფის სხვა წევრზე უნდა გადასულიყო.

თუმცა, გამოძიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მარეგისტრირებელმა ორგანომ სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა, რის გამოც ბრალდებულებმა დანაშაულებრივი განზრახვის ბოლომდე განხორციელება ვერ შეძლეს.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე 19.194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინა. აღნიშნული დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის მიზნით.

პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნული მუხლებით დაკავებულია 6 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ მკაცრ სისხლისსამართლებრივ პოლიტიკას ატარებს და აღნიშნულ პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები