მარნეულში წყლისა და წყალარინების პროექტის დასრულების ვადამ ისევ გადაიწია
მარნეულში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების თარიღი კიდევ ერთხელ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ოფიციალურ ვადად სექტემბერი სახელდებოდა, დაწესებულ ვადებში სამუშაოების დასრულება კვლავ ვერ მოხერხდება.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ პროცესის შეფერხების მთავარი გამოწვევა გარემო პირობებია. უწყების თქმით, მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა, სამუშაოები ამ პერიოდის განმავლობაში არცერთი დღით არ შეჩერებულა.

წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი

მარნეულსა და მის სოფლებში 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში გადაითხარა გზები, ამორტიზდა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კერძო ავტომობილები. თავდაპირველად, კომპანია "Akelik Group“-ს პროექტი 2021 წლის მარტამდე უნდა დაესრულებინა, თუმცა მან ვალდებულებები ვერ შეასრულა, რის გამოც 55 940 022 დოლარის ღირებულების პროექტი შეჩერდა.

ახალი ხელშეკრულება წყალმომარაგების კომპანიამ თურქულ და ჩინურ კომპანიებთან გააფორმა. სამუშაოებს აწარმოებენ "China Geo - Engineering Corporation“ (CGC) და "POLAT Yol Yapi Sanayi ve Ticaret Anonim Sirkei“.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება.

მისი ფარგლებში შენდება წყალმომარაგების ახალი ქსელი, სატუმბო სადგური, რეზერვუარები, წყალარინების ახალი ქსელი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა.

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით უნდა იყოს უზრუნველყოფილი.


ფოტო: არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები