მარნეულელი მუსიკოსები ქორწილებში ყალბი ფულის „შაბაშის“ გაუქმებას
ითხოვენ
მარნეულში მომუშავე მუსიკოსები — საჰილ დენიზი, ეინარ ბალაკიშიევი,
ანარ ასკეროვი, აფიგ ნოვრუზოვი და სხვები ქორწილებში ფულის აყრის
წესის გაუქმებას ითხოვენ. 2027 წლის იანვრიდან მათ სურთ, რომ
ქორწილებში მხოლოდ ფიქსირებულ ანაზღაურებაზე იმუშაონ.
„რადიო მარნეულთან“ საუბარში მომღერალმა და წამყვანმა აფიგ ნოვრუზოვმა
(„ნატო“) განმარტა, რომ ფულის აყრა ქორწილებში ქაოსს ქმნის
და
უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.
„
2027 წლიდან გვინდა, ქორწილებში კონკრეტულ თანხად მივიდეთ და
ფული აღარ დაიყაროს. ხშირად მუსიკოსები ნორმალურად ვერ უკრავენ,
ბავშვები ფეხქვეშ ექცევიან ხალხს, ნასვამი სტუმრები კი დასაყრელად
ბევრ ხურდას ითხოვენ. ამიტომ გვსურს ამის შეჩერება. მასპინძლებს
განსაზღვრული ლიმიტი ექნებათ და თუ ხალხი მხარს დაგვიჭერს, ახალ წესს
იანვრიდან დავნერგავთ“, — ამბობს ნოვრუზოვი.
მისივე თქმით, ცვლილების შემდეგ მუსიკოსები ქორწილებში საკუთარ ხურდა
ფულს აღარ წაიღებენ:
„
მასპინძელს წინასწარ ვეტყვით ჩვენს ფიქსირებულ ფასს. თუ
სტუმრები ცეკვისას ფულს მაინც დაყრიან, ეს თანხა შეგროვდება — ან
მასპინძელი შეავსებს ჩვენს ანაზღაურებამდე, ან თავად აიღებს დაყრილ
ფულს და ჩვენს ჰონორარს სრულად დაფარავს. დღეს ქორწილებში უფასოდ
მივდივართ და მხოლოდ დაყრილი «შაბაშით» ვიღებთ შემოსავალს. თუმცა,
ხშირად ეს ფული უკან აღარ გვუბრუნდება, მას ბავშვები აგროვებენ და
ვზარალდებით. უბრალოდ გვსურს, ქორწილები უფრო მოწესრიგებული
იყოს“.
ქორწილში მოცეკვავეებისთვის ფულის აყრა გავრცელებული ტრადიციაა, თუმცა
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმ ქაოსსა და უხერხულობაზე, რაც
ამ ჩვეულებას მოჰყვება. ჯერჯერობით უცნობია, დაუჭერს თუ არა ხალხი
მხარს მუსიკოსების ამ ინიციატივას.