მარნეულის კულტურის ცენტრის შენობის რეაბილიტაციის გამო, მიმდინარე
წელს სასწავლო და შემოქმედებითი პროცესის
ჩვეულ რეჟიმში დაწყება ვერ მოხერხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით
კულტურის ცენტრმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
ორგანიზაციის განმარტებით, შენობის სარემონტო სამუშაოების გამო
საზოგადოებისგან არაერთი შეტყობინება და სატელეფონო ზარი შემოდის,
თუმცა საქმიანობის განახლება ამ ეტაპზე ალტერნატიული ფართის
მოძიებაზეა დამოკიდებული.
„კულტურის ცენტრი მზად არის, საქმიანობა უმოკლეს ვადაში
განაახლოს. ამისთვის საჭიროა ორგანიზაციის შესაბამისი ალტერნატიული
ფართით უზრუნველყოფა, სადაც შესაძლებელი იქნება სასწავლო და
შემოქმედებითი პროცესის სათანადო პირობებში გაგრძელება. ამ ეტაპზე
საქმიანობის განახლება სწორედ შესაბამისი ფართის მოძიებასა და
უზრუნველყოფას უკავშირდება, საკითხი კი კულტურის ცენტრის კომპეტენციის
ფარგლებში არ წყდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კულტურის ცენტრში აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი
მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და პროფესიული გარემოს შექმნაა, ხოლო
ალტერნატიული ფართის გამოყოფისთანავე სასწავლო პროცესი მაქსიმალურად
სწრაფად აღდგება.
პასუხგაუცემელი კითხვები და გაურკვეველი ვადები
მიუხედავად იმისა, რომ კულტურის ცენტრის რეაბილიტაციის შესახებ
გადაწყვეტილება და ხელშეკრულების პირობები ჯერ კიდევ ზაფხულის
დასაწყისში იყო ცნობილი, გაურკვეველი რჩება:
რატომ ვერ უზრუნველყო მარნეულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ
ალტერნატიული ფართის მოძიება სასწავლო წლის დაწყებამდე?
რატომ დადგნენ მოსწავლეები და მშობლები ფაქტის წინაშე მაშინ, როდესაც
სასწავლო პროცესი უკვე უნდა დაწყებულიყო?
როდის გამოიყოფა შესაბამისი სივრცე და კონკრეტულად რამდენ
ხანს მოუწევთ ასობით ბავშვსა და ახალგაზრდას სახელოვნებო განათლების
გარეშე დარჩენა?
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ „კულტურის
სახლის“ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისათვის გამოცხადებულ ტენდერში
ხელშეკრულება შპს „ბილდკინგსთან“ გააფორმა შესყიდვის საერთო
ღირებულება 7 585 205.93 ლარს შეადგენს.
სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ხელშეკრულება
ძალაშია 2026 წლის 4 ივნისიდან 2029 წლის 31 დეკემბრამდე. სამუშაოების
შესრულება და ფაქტობრივი გადახდები 4 წელზეა გადანაწილებული.
დაფინანსების 95%-ს სახელმწიფო ბიუჯეტი ფარავს, ხოლო 5%-ს –
ადგილობრივი თვითმმართველობა. ამ ეტაპზე კომპანიისთვის ავანსის სახით
უკვე გადარიცხულია
900 000 ლარი (საერთო თანხის 12%), რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2026
წლის 17 ივნისს გაიცა.
რა იცვლება შენობაში პროექტის მიხედვით:
დაშენება და ახალი სივრცეები: არსებულ შენობას მარჯვენა და მარცხენა
ფლიგელზე 1 სართული დააშენდება. მარცხენა მხარეს განთავსდება მცირე
თეატრის დარბაზი საგრიმიოროებით, ხოლო მარჯვენა მხარეს –
ქორეოგრაფიული სარეპეტიციო ოთახები.
სცენისა და დარბაზების რესტავრაცია: სრულად რეაბილიტირდება არსებული
დიდი დარბაზი, აღდგება სასცენო მექანიზმების ოთახში არსებული მბრუნავი
სცენა.
სარდაფი: მოეწყობა სათავსო ოთახები და ახალი ჩასასვლელი კიბეები.
პირველი სართული: განთავსდება მისაღები, მოსაცდელი სივრცეები, ექიმისა
და დაცვის ოთახები, საგარდერობო, საგრიმიოროები და ანტრესოლი
სათავსოსთვის. ასევე მოეწყობა ადაპტირებული სანკვანძები შ.შ.მ.
პირებისთვის.
მეორე სართული: განთავსდება სამუშაო ოთახები, გამოსაცვლელები, ცეკვის
ოთახი და მცირე სამზარეულო.
მესამე სართული: მოეწყობა ადმინისტრაციული ოთახები (მათ შორის
დირექტორის კაბინეტი), მცირე სასადილო, თეატრალური და ქორეოგრაფიული
სივრცეები.
ფასადი და ექსტერიერი: შენობის ძირითადი ნაწილი შეილესება მიუნხენით
და შეიღებება წყალემულსიური საღებავით. ჩრდილო-დასავლეთ მხარეს
მოეწყობა მოზაიკური კიბის საფეხურები, ალუკაბონდის მოაჯირები და
გადასასვლელი აივანი ლითონის კონსტრუქციით.