სოფელ იმირის მოსახლეობა ახლადდაგებული ასფალტის გადარჩენას ცდილობს და სატვირთო ავტომობილების გადაადგილებას აპროტესტებს

სოფელ იმირის მცხოვრებლები შიდა ასფალტირებული გზის მძიმეწონიანი სატვირთოების მიერ დაზიანებას აპროტესტებენ.

წლების განმავლობაში უგზოოდ დარჩენილი და ახლახან რეაბილიტირებული გზა მძიმე ტექნიკის მოძრაობის გამო მწყობრიდან გამოდის. ადგილობრივების თქმით, ალტერნატიული გზის არსებობის მიუხედავად, ზოგიერთი მძღოლი მაინც სოფლის შიდა გზით სარგებლობს.


სოფლის მცხოვრები ელშან მამედოვი აღნიშნავს, რომ პრობლემასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებსა და ადგილობრივ მერიას მრავალჯერ მიმართეს, თუმცა საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია:

„რადგან ალტერნატიული გზა მოწესრიგებული არ აქვთ, აქედან დადიან. ეს მთელი სოფლის გზაა და არ გვინდა, რომ გაფუჭდეს. რამდენი წელი ველოდით ამ გზას და, როგორც იქნა, გააკეთეს. ახლა გვინდა, რამდენიმე წელი მაინც გვქონდეს წესიერი, სწორი გზა, რომ ტალახში სიარული არ მოგვიწიოს. ბავშვები სკოლაში დადიან, მთელი სოფელი ამ გზით სარგებლობს. 40-ტონიან სატვირთოებს ქვა და ხრეში გადააქვთ. ასფალტი 10 სანტიმეტრის სისქისაა და ასეთ დატვირთვას ვერ უძლებს. იქვე აქვთ თავისი გრუნტის გზა და იქიდან გაიარონ. მივმართეთ მერიას, იცის სოფლის რწმუნებულმაც და დეპუტატმაც. ასფალტი დააგეს თუ არა, მაშინვე დაიწყეს სიარული. ვისაც ესმის, ის ალტერნატიული გზით დადის“, — აცხადებს ელშან მამედოვი.

სოფელ იმირის

კიდევ ერთი მცხოვრები, ორუჯ ჰუსეინოვი ამბობს, რომ მძიმეწონიანი ტრანსპორტი ზიანს არამხოლოდ გზას, არამედ საცხოვრებელ სახლებსაც აყენებს. მას სატვირთოების გადაადგილების აღსაკვეთად სოფლის შესასვლელში შლაგბაუმის დამონტაჟება სურს:

„დიდი მანქანები დადიან და გზა დღითიდღე ფუჭდება. ვითხოვთ, რომ აქ მძიმე ტექნიკამ არ გაიაროს. თვითონ მანქანა 20 ტონას იწონის და 20-30 ტონა ტვირთიც მიაქვს. ეს მხოლოდ გზას კი არ აზიანებს, სახლებსაც ვნებს — კედლებზე ბზარები გაჩნდა. ვითხოვეთ შლაგბაუმის დაყენება, მაგრამ ნება არ დაგვრთეს. შემდეგ ვთქვით, რომ მინიმუმ საგზაო ნიშანი მაინც დადგან, რომელიც მძიმეწონიან მანქანებს მოძრაობას აუკრძალავს. ამაზეც ჯერ პასუხი არ არის. ბევრგან განვაცხადეთ, ყველამ იცის ეს თემა“, — აღნიშნავს ორუჯ ჰუსეინოვი.

სოფელ იმირში ქვიშა-ხრეშის ორი კარიერი ფუნქციონირებს. ადგილობრივების ცნობით, ერთ-ერთი კარიერი 40 წელია მუშაობს, ექსპლუატაციის ვადა ამოეწურა და უნდა დაიხუროს.

სოფლის მცხოვრები თოფიგ ნამაზოვი ამბობს, რომ სხვა მძღოლები კარიერისთვის განკუთვნილი გზით სარგებლობენ, თუმცა ერთი მძღოლი ხალხის პროტესტის მიუხედავად, მაინც სოფლის გზით გადაადგილდება:

„ახლადდაგებულ ასფალტს დატვირთული მანქანები აფუჭებენ. ვითხოვთ, რომ კარიერისკენ მიმავალი გზა სოფლიდან დაიხუროს. კარიერს თავისი ცალკე გზა აქვს. ერთი მძღოლი პრინციპში ჩადგა, ჯიბრობს და ამბობს, მაინც აქედან გავივლიო. საჩივარი დავწერეთ, გამგეობიდან მოვიდნენ, მაგრამ იმ კაცს დაუჭირეს მხარი და ჩვენ არაფერი გვითხრეს — უფლება არ გვაქვსო. რატომ უნდა დადიოდეს ყველაფერი თავისი გზით და ეს ერთი — სოფლის გზით? კარიერს თავისი გზა აქვს და იქიდან იაროს. ჩვენი მოთხოვნაა, დაიდგას შლაგბაუმი. გზაზე ბავშვები დადიან, საქონელი გადადის, საფრთხილოა. ისე სწრაფად დადიან ეს დიდი მანქანები, თითქოს მსუბუქი ავტომობილები იყვნენ. სიჩქარის შემაკავებელი ბარიერი („სიჩქარის შემაკავებელი“) დავაყენეთ და მასზე რომ გადადიან, სახლები ზანზარებს. სახელმწიფო მოხელეებმა ყურადღება არ მიაქციეს ჩვენს საჩივარს, წავიდნენ და დაგვტოვეს. ყველაფერი გათხარეს, მიწებს ყიდიან და გლეხისთვის საძოვარიც კი არ დაუტოვებიათ“, — აცხადებს თოფიგ ნამაზოვი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რადიო „მარნეული“ იმირის სოფლის რწმუნებულს, მაჰირ მამედოვს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, მარნეულის მერიის თანამშრომლები სოფელში გუშინ, 1 ოქტომბერს იმყოფებოდნენ. რწმუნებულის თქმით, აღნიშნულ მძღოლთან მოლაპარაკება შედგა და ამის შემდეგ იგი კარიერისკენ მიმავალი ალტერნატიული გზით ისარგებლებს.

Print ელ. ფოსტა
თეგები: Etiraz Karxana kənd Sakinlər
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები