რას ამბობს მარნეულის მერი ნარიმანოვის N1 კორპუსში მომხდარ მორიგ ინციდენტზე
მარნეულის მერიაში აცხადებენ, რომ ნარიმანოვის N1 კორპუსში, სადაც რამდენიმე წლის წინ აივნის ჩამონგრევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 1 ოქტომბერს აივნის ფასადი ჩამოიშალა, ფაქტზე შესწავლა დაწყებულია.
როგორც მარნეულის მერმა, დაურ ისმაილოვმა „რადიო მარნეულს“ განუცხადა, ინფორმაციის მიღებისთანავე ადგილზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაუშვეს. მისი თქმით, საკითხი კომპლექსურია და მერია სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორთან ერთად კომუნიკაციას აწარმოებს.

„გუშინ, როგორც

კი ჩვენ გავიგეთ ამის შესახებ, ინფორმაცია მივიღეთ, ადგილზე გავუშვით მარნეულის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, სახელმწიფო შესაბამის უწყებებთან ვახორციელებთ კომუნიკაციას და ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რადგან ეს ისეთი საკითხია, რომელსაც სჭირდება კომპლექსური მიდგომა. ჩვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, მოსახლეობის უსაფრთხოება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აღნიშნული საკითხი დროულად იქნას გადაჭრილი“,
- აცხადებს დაურ ისმაილოვი.

კითხვაზე, კონკრეტულად რა ნაბიჯები იგეგმება და რომელ უწყებებთან მიმდინარეობს მუშაობა, მერი არ აკონკრეტებს, რომელ უწყებებს მიმართეს და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმევა.

„კორპუსს აქვს შესაბამისი დასკვნა. ამასთან დაკავშირებით მე თავს შევიკავებ ფართო ინფორმაციის გაცემაზე... მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ შესაბამისი კომპეტენტური უწყებები, რომლებიც არიან, ჩვენ ვაწარმოებთ მათთან კომუნიკაციას, რადგან აღნიშნული საკითხი არ არის მარტივად გადასაჭრელი, ამისთვის ჩვენ გვჭირდება შესაბამის უწყებებთან, სახელმწიფო უწყებებს ვგულისხმობ, მათთან კომუნიკაცია და ჩვენ ამას ვაკეთებთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ შესაბამის მოკლე დროში ამ საკითხის გადაჭრას ერთად განვახორციელებთ“.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ავარიულ კორპუსთან დაკავშირებით „რადიო მარნეულმა“ მასალები არაერთხელ მოამზადა. ერთ-ერთი ბოლო მასალა ამ საკითხზე ზუსტად ერთი თვის წინ გამოქვეყნდა, სადაც ირკვეოდა, რომ მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი ავარიული კორპუსის რეაბილიტაციის ბედი ისევ გაურკვეველი იყო. აგვისტოს თვეში რადიო „მარნეულმა“ მარნეულის მერიას წერილობით მიმართა და კორპუსის პრობლემის გადასაჭრელად არსებულ გეგმებზე, კონკრეტულ სამუშაოებსა (რეაბილიტაცია, დემონტაჟი თუ ახალი მშენებლობა) და ბიუჯეტში გამოყოფილ თანხებზე ინფორმაცია გამოითხოვა.

მერიის ოფიციალური პასუხიდან გაირკვა, რომ შენობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია. თუმცა, უწყებამ უპასუხოდ დატოვა შეკითხვა იმის შესახებ, იგეგმება თუ არა შენობის დემონტაჟი ან ახალი კორპუსის მშენებლობა. რაც შეეხება ფინანსურ რესურსს, მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხები მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები