მარნეულში მულტეთნიკური ფესტივალი „შინ“ წელს ვერ გაიმართება
კულტურის სახლის რეაბილიტაციის გამო, მარნეულში მულტეთნიკური ფესტივალი „შინ“ წელს ვერ გაიმართება

მარნეულში მულტეთნიკური ფესტივალი „შინ“ წელს არ ჩატარდება. ადგილობრივებს ინფორმაცია მარნეულის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციამ აცნობა. უწყების განმარტებით, ღონისძიების მოსამზადებლად, მონაწილეებთან სამუშაოდ და საორგანიზაციო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი სამუშაო სივრცე ორგანიზაციას ამ ეტაპზე არ გააჩნია, ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფა კი ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

„შინ“ 2022 წლიდან დაარსებული მულტიეთნიკური

ფესტივალია, რომელიც ეთნიკური ტოლერანტობის მკაფიო გზავნილს ატარებს. პროექტის მიზანს კულტურული დიალოგის გზით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგების, ნდობის ხიდების აშენებისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერა წარმოადგენს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით რთულია ისეთი პროექტების შეჩერება, რომლებიც წლების განმავლობაში იქმნებოდა, ვითარდებოდა და მარნეულის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა... მარნეულში კულტურულ-შემოქმედებითი პროცესების ხანგრძლივი შეჩერება ყოველდღიურად უფრო ართულებს იმ გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებას, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა. კულტურული ცხოვრება უწყვეტობას, სივრცესა და შესაძლებლობას საჭიროებს. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა დროულად მოძებნის შესაბამის სივრცეს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა.“. — აღნიშნულია კულტურის ცენტრის განცხადებაში.

რატომ შეჩერდა კულტურის ცენტრის საქმიანობა?

მარნეულის კულტურის ცენტრში შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სასწავლო და შემოქმედებითი პროცესი ჩვეულ რეჟიმში ვერ დაიწყო. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მზად არიან საქმიანობა უმოკლეს ვადაში განაახლონ, თუმცა პროცესის აღდგენა სრულად ალტერნატიული ფართის მოძიებასა და გამოყოფაზეა დამოკიდებული, რაც მათი კომპეტენციის ფარგლებს სცდება.

მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სახლის რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილება ზაფხულის დასაწყისშივე ცნობილი იყო, პასუხგაუცემელი რჩება კითხვები: რატომ ვერ უზრუნველყო ადგილობრივმა თვითმმართველობამ ალტერნატიული სივრცის მოძიება სასწავლო წლის დაწყებამდე, რატომ დადგნენ მოსწავლეები და მშობლები ფაქტის წინაშე და კონკრეტულად რამდენ ხანს მოუწევთ ასობით ბავშვსა და ახალგაზრდას სახელოვნებო განათლების გარეშე დარჩენა.

როგორი იქნება განახლებული კულტურის სახლი?

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ „კულტურის სახლის“ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე ტენდერში გამარჯვებულ შპს „ბილდკინგსთან“ 7 585 205 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. პროექტი 4 წელზეა გადანაწილებული და ძალაშია 2026 წლის 4 ივნისიდან 2029 წლის 31 დეკემბრამდე. დაფინანსების 95%-ს სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს, ხოლო 5%-ს — ადგილობრივი თვითმმართველობა. 2026 წლის 17 ივნისს კომპანიას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ავანსის სახით უკვე გადაერიცხა 900 000 ლარი.

პროექტის მიხედვით, არსებულ შენობას მარჯვენა და მარცხენა ფლიგელზე თითო სართული დააშენდება — მარცხნივ მოეწყობა მცირე თეატრის დარბაზი საგრიმიოროებით, ხოლო მარჯვნივ — ქორეოგრაფიული სარეპეტიციო ოთახები. სრულად რეაბილიტირდება დიდი დარბაზი და აღდგება მბრუნავი სცენა. გარდა ამისა, მოეწყობა ახალი ადმინისტრაციული, თეატრალური და ქორეოგრაფიული სივრცეები, სათავსოები, საგარდერობო, შზმ პირებზე ადაპტირებული სანკვანძები და განახლდება შენობის ფასადი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები