სამირა ბაირამოვა მერიაში ქალზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე საუბრობს - რას ამბობს საკრებულო
უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მარნეულის მერიის შენობაში ქალზე შესაძლო ფიზიკურ ძალადობაზე წერს. მისი თქმით, მსხვერპლი მარნეულის მერიაში დასაქმებული თანამშრომელია.

ბაირამოვას მტკიცებით, სავარაუდო მოძალადე მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (რიჩარდ გიგანის) შვილია. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ იგივე პირი წარსულშიც ფიგურირებდა ძალადობრივ ინციდენტებში, თუმცა, ოჯახური გავლენების გამო, პასუხისმგებლობას გადაურჩა.

პოსტის ავტორი ყურადღებას ამახვილებს საჯარო უწყებების პასუხისმგებლობაზე და აცხადებს, რომ

მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირებიც, თუმცა რეაგირებას ადგილი არ ჰქონია. ბაირამოვას თქმითვე, მსხვერპლზე ზეწოლა განხორციელდა, რის გამოც მან დაწერილი განცხადება უკან გამოიტანა.

მომხდართან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ინოვაციებისა და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსს, ია ესებუას დავუკავშირდით. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მან განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ის შვებულებაში იმყოფებოდა და სავარაუდო ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს. ესებუა აღნიშნავს, რომ ის ყველა სახის ძალადობის წინააღმდეგია.

„რა თქმა უნდა, თუ მსგავსი ფაქტი მოხდა, ნამდვილად დასაგმობია. არანაირად არ მივესალმები და ვგმობ ნებისმიერ ძალადობას. თუმცა, პირადად, მე, მსგავსი რამე არ გამიგია. ვერც დაგეთანხმებით და ვერც ვუარვყოფ. კომპეტენტური არ ვიქნები, ვინაიდან არ მაქვს ინფრომაცია“ - გვითხრა ია ესებუამ

„რადიო მარნეული“ ინფორმაციის გარკვევას მერიაშიც ცდილობს. ჩვენ რამდენჯერმე დავუკავშირდით მარნეულის მერს, დაურ ისმაილოვს, თუმცა ზარებზე არ გვპასუხობს. ინფორმაციის მისაღებად დავუკავშირდით საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებასაც. მასალა ინფორმაციის მიღების შემთხვევაში განახლდება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები