აბაზოვის ადვოკატი მის უდანაშაულობას ამტკიცებს, პროკურატურა კი უტყუარ მტკიცებულებებზე საუბრობს
დღეს 9 ოქტომბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოში თემურ აბაზოვის, აზერ სულეიმანოვის, რამინ ალახვერდიევისა და ელხან გულიევის მიმართ წარმოებულ სისხლისსამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს სხდომა გაიმართა.

არსებით სხდომაზე პროკურატურის ორი მოწმე დაიკითხა. მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივმა ვასილ ქველაძემ 11 ივნისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა. ელჩის ალახვერდიევის მიმართ შესაძლო დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის შესახებ პოლიციაში შესულ შეტყობინებაზე სწორედ მან მოახდინა რეაგირება. შემდგომში დაწერა პატაკი აღნიშნული ფაქტის შესახებ. როგორც ბრალდების მოწმემ დაკითხვისას თქვა, მას არანაირი სხვა საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებია.

პროკურატურის მეორე მოწმემ, ელჩინ ალახვერდიევის დისშვილმა ინტიგამ აბაზოვმა 10 ივნისს ენმ-ს ოფისში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აზერ სულეიმანოვის, რამინ ალახვერდიევისა და ელხან გულიევის ბრაეულობის შესახებ ისაუბრა.

მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები აბაზოვის ბრალდებულებას ვერ ადასტურებს.

„ორივე ბრალდების მოწმის მიმართ თემურ აბაზოვის ბრალის დადასტურება ფიზიკურად ვერ მოხერხდა, ვინაიდან რეალურად რა ინფორმაციაც მიაწოდეს გამოძიებას ეს არანაირ კავშირში არაა თემურ აბაზოვის მიმართ წარდგენილ ბრალთან. ბრალდების მხარეს ასეთი მოწმეები ძალიან ბევრი ჰყავს. თემურ აბაზოვის ბრალდება არის დამოკიდებული მხოლოდ ერთადერთი დაზარალებული პირის ჩვენებაზე.“ - გვითხრა გაგი მოსიაშვილმა

თემურ აბაზოვის ადვოკატისაგან განსხვავებით ფიქრობს საქმის პროკურორი ლევან ლაზარეშვილი.

„კონკრეტულმა მოწმემ დაადასტურა ის გარემოება, რომ ფიზიკური შეურაწყობის მიყენების შემდეგ აღნიშნული პირი წაიყვანეს, ასე ვთქვათ მიჰგვარეს თემურ აბაზოვს, ეს გარემოებები ცალსახად დაადასტურა მოწმემ სასამართლო განხილვაზე. ბუნებრივია, რომ დაცვის მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარეს არააქვს პირდაპირი მტკიცებულებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. გარდა დაზარალებულის ჩვენებისა ბრალდების მხარეს გვყავს სხვა პირდაპირი მოწმეები, ასევე გვაქვს ექსპერტის დასკვნები, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, ასევე არის კონკრეტული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადასტურებს რომ მიმოწერა გააჩნიათ კონკრეტულ პირებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია და მოლოდინი გვაქვს იმის, რომ კონკრეტული ბრალდებულების მიმართ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი.“ - განაცხადა ლევან ლაზარეშვილმა

აბაზოვისა და სხვათა მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი საქმის მომდევნო სასამართლო სხდომა 18 ოქტომბერს 13:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ რომ, 6 სექტემბერს მარნეულის ყოფილ მერ თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა. მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის მოპოვება, ორგანიზება, ინტერნეტით და სოციალური ქსელებით გავრცელება დაემატა.

მარნეულში მოქალაქის, ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმე თემურ აბაზოვის მიმართ საქართველოს სსკ-ის 144.3-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 25, 157.1 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის აღძრული, ხოლო ა. ალახვერდიევის, ა.სულეიმანოვის და ე. გულიევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1.1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის აღძრული.

რადიო "მარნეული"
Print