„მარნეულში არ არსებობს ჩამოყალიბებული სოციალური პოლიტიკა“ - ოლგა ენდელაძე
საბიუჯეტო პროცესის ფარგლებში მარნუელის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამებისა და სერვისების გამოწვევების შესახებ დღეს, 14 ნოემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისაუბრეს.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მერის მრჩეველთა საბჭოს და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალური სოციალური პროგრამებით და სერვისებით დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების და რეკომენდაციების დაფიქსირება, საჯარო განხილვა საბიუჯეტო პროცესის ფარგლებში მერიისათვის მისაწოდებლად და მრჩეველთა საბჭოს წევრების ცნობიერების ამაღლება და საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადებასა და მიწოდებაში ჩართვა.

„მარეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარის, ოლგა ენდელაძის თქმით, პირველი პრობლემატური საკითხი, რაც მათ აღმოაჩინეს, მონაცემთა ბაზის არარსებობაა.

„არ არსებობს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების ანალიზი ადგილობრივ დონეზე რაც ნიშნავს, რომ პრინციპში არ არსებობს ჩამოყალიბებული სოციალური პოლიტიკა და ეს, ამ ეტაპზე, ნამდვილად დიდი გამოწვევაა“ - გვითხრა ოლგა ენდელაძემ

დისკუსია ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო სექტორი მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებისა“ და „დემოკრატიული ჩათულობის ცენტრების“ მიერ. პროექტი დაფინანსებულია „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები