საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამგზავრო ტრანსპორტით მგზავრობისათვის მერიამ 38 135 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ მგზავრების გადაყვანის მიზნით სამგზავრო/სატრანსპორტო საშუალებების დაქირავების მომსახურების შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა.

38 135 ლარის ღირებულების ტენდერის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ 2019 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს სამგზავრო ტრანსპორტით მგზავრების გადაადგილება ეტაპობრივად, მარნეულიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

როგორც ჩვენ მარნეულის მერიაში გვითხრეს, ტენდერის გამოცხადების მიზეზი ისეთი სახის ღონისძიებებია, სადაც მარნეულის მუნიციპალიტეტს სტუმრის სტატუსით უწევს დასწრება, თანხა ასევე იხარჯება სკოლების პროფილური ექსკურსიების დაფინანსების, მუნიციპალური ცენტრიდან მოშორებით მდებარე სოფლებიდან ახალგაზრდების სხვადასხვა ღონისძიებებზე წამოყვანისათვისა და ა.შ.

ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიების წინადადებების მიღება 15 იანვარს დაიწყება და 17 იანვრამდე გაგრძელდება.

რადიო "მარნეული"

Print