წერეთელში სოფლის კრებაზე დასასწრებად მიცვალებულებს ხელი წინასწარ მოაწერინეს
სოფლის კრებაზე დასასწრებად მიცვალებულებს ხელი "წინასწარ მოაწერინეს". გარდაცვლილები შემთხვევით არ გვიხსენებია და საქმე 22 იანვარს, სოფელ წერეთელში ჩაშლილ “სოფლის კრებას“ ეხება. შეხვედრა ხალხის სიმცირის გამო გაუქმდა.

რადიო "მარნეულმა" სურათი იმ სიას გადაუღო, სადაც  „მისული მოსახლეობის“ ხელმოწერები წინასწარ ჰქონდათ დაფიქსირებული. ჩვენ სიის მხოლოდ ბოლო გვერდი გვაქვს, რომლიდანაც როგორც გაირკვა, 2 ადამიანი წლებია უკვე გარდაცლილია, თუმცა მათი ხელმოწერები მაინც ფიქსირდება. ამ ფაქტს იურისტი გიორგი მუმლაძე გაყალბების მცდელობას უკავშირებს და ამბობს, რომ სავარაუდოდ, ქვორუმის შესადგენად გამოიყენეს, რაც ცხადია, მერიის გამჭვირვალობას კითხვის ნიშანს უსვავს.

„ეს სამართლებრივად აფსოლუტურად მიუღებელია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ბიუჯეტი უნდა განკარგოს მოქალაქეებმა აქ ჩვენ ვსაუბრობთ ცოცხალ ხალხზე და არა გარდაცვლილებზე. მეორე საკითხია ვის აქვს ეს მონაცემები და რატომ? რატომ არის ისე, რომ ვიღაც ჯგუფს შესაძლოა ჰქონდეთ გარდაცვლილი ადამიანების პირადი ნომრები, სახელები, გვარები. აქ უკვე საუბარია კონკრეტულ მიზანზე რომ კრების შემადგენლობა გაეზარდათ, ამ მონაცემებით მომხდარიყო მანიპულირება. აბსოლუტურად მიუღებელია და არაეთიკურია ის, რომ გარდაცვლილებს იყენებ ვიწრო ინტერესებისთვის. რას ვეუბნებით მათ ოჯახის წევრებს, ეს ხომ შეურაცხყოფაა, კატასტროფაა.“ -ამბობს გიორგი მუმლაძე


დასწრების ფურცელი რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომელს ჰქონდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში 22 იანვარს განაცხადა, რომ მაცხოვრებლებს „ სოფლის კრების“ შესახებ ინფორმაცია წინა დღით, 21 იანვარს შეატყობინეს და ხელიც მოაწერინეს. თუმცა საკითხავია, გარდაცვლილ ადამიანებს ხელი როგორ ან რანაირად მოაწერინეს. ფაქტი კი ერთია, 200 ადამიანიდან სოფლის კრებაზე წერეთელში მხოლოდ 80-მდე მოსახლე იმყოფებოდა.


რადიო "მარნეული" აგრძელებს თემაზე მუშაობას.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები