აქტივისტი სამირა ბაირამოვა კულტურის სახლის მენეჯმენტს მარნეულში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციულ მიდგომაში ადანაშაულებს- კულტურის სახლი ამ ბრალდების უარყოფას ახლო მომავალში გეგმავს
ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელში არაერთი კომენტარი იწერება მარნეულის კულტურის სახლის საქმიანობის შესახებ. მარნეულელი აქტივისტი სამირა ბაირამოვა იმ პოსტის ავტორია, რომელმაც კულტურის ცენტრის საქმიანობა გააკრიტიკა და ყურადღება ეთნიკური უმცირესობების არაინფორმირებულობაზე და ნაკლებ შესაძლებლობაზე გაამახვილა. როგორც ჩვენთან საუბარში ბაირამოვა განმარტავს, მისმა პოსტმა, რომელიც ფეისბუქზე გამოაქვეყნა, რადიკალურად განსხვავებული კომენტარები მიიღო. მიიჩნევს, რომ მას, როგორც მოქალაქეს და აქტივისტს კრიტიკის სრული უფლება აქვს.

„ძალიან ცუდია, რომ კომენტარები ჩემს პოსტზე სხვა მიმართულებით მომივიდა. საჯარო სექტორმა ჩვეულებრივად უნდა მიიღოს ეს კრიტიკა. რაც მე არ მომწონს, იმის დაფიქსირების უფლება მაქვს. ჩემი კრიტიკა ის არის, რომ ყველა ადამიანს თანაბარი უფლება ჰქონდეს, რომ ნახოს ის ყველაფერი თუ რა კარგ საქმეს აკეთებს კულტურის სახლი. სამწუხაროდ, მარტო ქალაქის დონეზეა ჩართულობა. მეორე კრიტიკა იყო ის, რომ სოფლებში სულ 6 კულტურის სახლი გვაქვს და არცერთი არ ფუნქციონირებს. ამ თემის წარმომადგენლებსაც აქვთ უფლება ჩაერთონ აქტვობებში“ - ამბობს სამირა ბაირამოვა

ბაირამოვა ამბობს, რომ კულტურის სახლში წამყვან პოზიციაზე არცერთი ეთნიური უმცირესობის წარმომადგენელი არაა დასაქმებული. განმარტავს, რომ მათი ჩართვა საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში მნიშველოვანია. მაგალითად კი ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მოჰყავს, როდესაც ღონისძიება „სასაცილოდ“ ჩატარდა. 

„ბოლო ორი წელია, ნოვრუზ ბაირამს ისე აკეთებენ, რომ არ ჯდება ჩვენს ეროვნულ დღსასწაულის სტანდარტში. ამიტომ , მნიშვნელოვანია კულტურის სახლში ასევე დასაქმებული იყოს აზერბაიჯანელი ადამიანი, რომ ასეთ თემებში მიიღოს მონაწილეობა. თუ დასაქმებული არ იქნება მაინც საჭიროა სხვადასხვა ადამიანების შენიშვნები, კონსულტაცია იმასთან დაკავშირებით ვაკეთებთ თუ არა ამ დღესასწაულს სწორად. შარშან რაც გააკეთეს ნამდვილად სასაცილო იყო. ჩვენთან არის „ქოსა“, „ქეჩალ“ და „ბახარ გიზი“( გაზაფხულის შვილი) , რომელიც კლოუნის სახით იყო წარმოდგენილი და ეს იყო კულტურის შეურაცხყოფა.“ - ამბობს სამირა ბაირამოვა

აქტივისტი ფიქრობს, რომ კომენტარები, რომელიც მის პოსტზე მერიის თანამშრომლების, პედაგოგების დ კულტურის ცენტრის თანამშრომლების მხრიდან მიიღო, არაობიექტურია. სამირა კულტურის სახლის სახელის მინიჭების ამბავსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კულტურის სახლის თანამშრომლებს ნეიტრალური პოზიციის დაკავება მართებთ, ვინაიდან ჯერ მერიასაც არ აქვს პასუხი.

ახდენს თუ არა დიფერენცირებას კულტურის სახლი ეთნიკური ნიშნით? სოფლებში, სადაც 6 კულტურის სახლის შენობა დგას ნამდვილად უფუნქციოა თუ არა? და როგორ მუშაობს კულტურის სახლი სოფლებში თემის გააქტურებისთვის -  ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მარნეულის კულტურის ცენტრის დირექტორმა, ნატო შავიშვილმა თავი შიკავა იმ მიზეზის გამო, რომ უახლოს დღეებში შეხვედრას გეგმავენ სამირა ბაირამოვასთან და დაინტერესებულ პირებთან, სადაც ერთგვარ ანგარიშს წარადგენენ და ყველა კითხას პასუხს გასცემენ. შეხვედრა 8 თებერვალს, 13:00 საათზე, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაშია ჩანიშნული.

Print