მარნეულში წითელას 7 შემთხვევა დაფიქსირდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში წითელას 7 შემთხვევაა.  როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე განმარტავს, წითელა სრულწლოვნებში დაფიქსირდა.


„საკმაოდ კარგად მიმდინარეობს იმუნიზაცია წითელაზე. სკოლებმა, საბავშვო ბაღებმა უკვე მოგვმართეს აცრებზე. მოქალაქეების მომართვიანობაც გაიზარდა. გართულებები ჯერჯერობით არ არის. ვფიქრობ, რაიონში იმიტომ არ გვაქვს წითელას შემთხვევების დიდი რაოდენობა, რომ 2008 წელსაც მოსახლეობის 92%-ი ავცერით“ - ამბობს ეთერ ლაფერაძე.

ლაფერაძე ამბობს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პრობლემა მუნიციპალიტეტს არ აქვს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ აიცრან.

აცრის გასაკეთებლად სოფლის ამბულატორიებს უნდა მიმართოთ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. პირველი იანვრიდან 18 იანვრამდე საქართველოში წითელას 335 შემთხვევა გამოვლინდა.

წითელას წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ პერიოდში. ვირუსის ინკუბაციის პერიოდი ინფიცირებიდან პირველ სიმპტომამდე შეადგენს 7-18 დღეს, ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში. გარდაა ამისა, ვირუსს ახასიათებს მაღალი მიმღებლობაც, 24-საათიანი კონტაქტის პერიოდში ავადდება ინფექციის მიმღები კონტიგენტის 40%; 48-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 60% , ხოლო 72-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 80%.

წითელას ტიპური შემთხვევა საკმაოდ მწვავედ იწყება, ტემპერატურის მომატებით, სიმპტომებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თუმცა, რაც უფრო ასაკოვანია დაავადებული, მით უფრო რთულია სიმპტომების გადატანა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები