ბნელი გზა, რომლის განათებას მოსახლეობა მეოთხე წელია ითხოვს
წლებია მარნეულის მაცხოვრებლები რუსთაველის ქუჩაზე მდებარე, მაღალაშვილის სახელობის ხიდის ქვემოთ განათების დამონტაჟებას ითხოვენ.



ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მარნეულის N2 საჯარო სკოლის შენობაცაა განთავსებული. მოსწავლეებს სახლში დაბრუნება საღამოს საათებში ბნელი ქუჩის გავლით უწევთ, რაც მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს. მოსახლეობა კი არაერთ დაკბენის ფაქტს იხსენებს.

„მე აქ არ ვცხოვრობ, მაგრამ ხშირად დავდივარ მარნეულში და ამ გზაზე მიწევს გავლა. კარგი იქნება თუ განათება გაკეთდება“

„ხიდის ქვემოთ თუ განათება იქნება გაგვიხარდება. ყველასთვის საჭიროა განათება.“

„ გარე განათების არსებობა, რა თქმა უნდა, საჭიროა. გარდა ამისა ჩემთვის პირვეელი პრობლემა ხიდზე ასფალტის რეაბილიტაციაა, ძალიან ცუდ მგდომარეობაშია ის გზა.“

„ ხიდის ქვემოთ განათების არქონა ჩვენ ძალიან გვაწუხებს. ღამე იქ სიარული გვიჭირს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ძაღლია იქ. გვინდა განათება იყოს.“

„აქ განათების დამონტაჟება ძალიან გაგვახარებდა. საღამოობით ამ გზაზე დავდივართ და ბავშვებიც სკოლიდან გამოსვლისას სულ ამ გზით დადიან“ - ამბობს მოსახლეობა


მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეთა ჯგუფმა მერიას ოთხი  წლის წინ წერილით მიმართა, რათა გარე განათება გაეკეთებინათ და წერილზე დადებითი პასუხი მიიღეს, დღემდე პრობლემა მოუგვარებელია.

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის, განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილებაში განმარტავენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობა 2019 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებული აქვთ.

Print