ცხოველთა დაცვის ფედერაციის ტენედრში უშუალო მონაწილეობა და მესამედ შეცვლილი დირექტორი



საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი, თემურ ლაჭყეპიანი სტატიის წაშლის მოთხოვნით დაგვიკავშირდა. ამტკიცებს, რომ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მარნეულის მერიის ძაღლების თავშესაფრის ტენდერს უკავშირდება სიმართლეს არ შეესაბამება. სატენდერო დოკუმენტაცია კი სულ სხვა რამეზე მეტყველებს და მითითებულ ნომერზე დარეკვით, სადაც წესით შპს „ვექტრას“ წარმომადგენელს უნდა ეპასუხა,
ცხოველთა დაცვის ფედერაცია გვპასუხობს.



მასალის ეთერში გასვლის შემდეგ ლაჭყეპიანს თავის გასამართლებლად ახალი დეტალები ახსენდება.  

„ტელეფონის ნომერი ეკუთვნის ყოფილ დირექტორს, ანტონი კაპატაძეს. როდესაც ის წავიდა და საქმიანობა ვეღარ შეასრულა, ტელეფონის ნომერი დატოვა, კლინიკაში (ქუთაისის ვეტერინარული კლინიკა). როდესაც ახალი დირექტორი დაინიშნა ტელეფონი მას გადასცა და თუ ვინმე დარეკავდა უპასუხებდა - ამ მიზნით დარჩა მას. ეს ნომერი სინამდვილეში, არც ჩვენი ორგანიზაციას, არც ახალ დირექტორს და არც კომპანიას ეკუთვნის“ - ამბობს თემურ ლაჭყეპიანი

ლაჭყეპიანისგან განსხვავებით, ცხოველთა დაცვის ფედერაციაში მომუშავე ნათია აბესაძე გვიმტკიცებს, რომ მარნეულის მერიის ტენდერში მითითებული ნომერი ნამდვილად მას ეკუთვნის.

„ვექვემდებარები თემურ ლაჭყეფიანის სამსახურს. ტენდერში ჩემი ნომერია მითითებული, როგორც მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლის. იმიტომ, რომ როგორც ვიცი, ითხოვენ მონიტორინგის დახასიათებასაც და ამიტომ აქვთ მითითებული ჩემი ნომერი“- ამბობს ნათია აბესაძე.

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არც ნათია აბესაძეა თავის სიტყვებში დარწმუნებული. შპს „ვექტრას“ დირექტორი , როგორც ტენდერიდან ირკვევა, 1995 წელს დაბადებული გიორგი ჭოხონელიძეა. მის მობილურის ნომერი ფეისბუკის გვერდიდან ვიპოვეთ, თუმცა რამდენიმე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს. ლაჭყეპიანი გვიმტკიცებს, რომ ჭოხონელიძეს ჩვენთან საუბარი არ სურს.

„ქირურგი არის ეს ბიჭი. არის კიდე მეორე ვეტერინარი რობერტი გოდოლაძე. ის უბრალოდ არის ფინანსური დირექტორი. თუ რომელ ცხოველს უნდა დახმარება და რომელს არა, ამას ჩვენ ვწყვეტთ. სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით, მხოლოდ მენეჯერია და ჟურნალისტებთან ინტერვიუზე მემორანდუმის ფარგლებში გვითხრა, რომ თქვენ გაეცით პასუხიო. ამიტომ, გიორგი ჭოხონელიძეს არ უნდა, რომ თქვენ პასუხი გაგცეთ. რადგანაც თვითონ არ არის კომპეტენტური, შეიძლება ისეთი რამე ვთქვაო, რაც ცხოველთა დაცვის კუთხით სწორი არ არისო“ - ამბობს ლაჭყეპიანი.

ლაჭყეპიანის სიტყვებიდან გამომდინარე გვიჩნდება კითხვა თუ რატომ ჩაერთო ძაღლების თავშესაფრის მომსახურეობის გაწევაში პიროვნება, რომელიც ლაჭყეპიანის თქმით, არაკომპეტენტურია. ჩვენ დავინტერესდით როდესაც მარნეულის მერიამ ხელშეკრულება შპს“ ვექტრასთან“ გააფორმა ტექნიკური საკითხების შემთხვევაში ვისთან ჰქონდათ კომუნიკაცია. ამ კითხვაზე მერიაში განმარტავენ, რომ დამატებითი კითხვები შპს „ვექტრასთან“ არ ჰქონიათ. საჭიროების შემთხვევაში კი ტენდერში მითითებული ნომრით სარგებლობენ.  

შპს „ვექტრამ“ ექვსი ტენდერიდან მხოლოდ სამში გაიმარჯვა. მათ შორის 2 -ჯერ მარნეულში. ახლა პასუხს „ვექტრას“ დირექტორს, გიორგი ჭოხონელიძეს ვეღარც მოვთხოვთ უკვე ისიც კაპატაძეს მსგავსად ყოფილი დირექტორების სიაში შედის. რამდენიმე საათის წინ საჯარო რეესტრში შევიდა მოთხოვნა ცვლილებების შესახებ. რომლის თანახმადაც, გიორგი ჭოხონელიძემ საკუთარი კომპანია შპს „ვექტრა“ უსასყიდლოდ ახალ დირექტორს 1993 წელს დაბადებულ გელა ნაცვლიშვილს გადასცა.





„ვექტრამ“ პირველი საქმიანოა მარნეულის მუნიციპალიტეტში განახორციელა. მერიას არ გამოუძიებია იყო თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც მაკონტროლებელი და შემსრულებელი ორგანიზაცია ერთი და იმავე ნომრითაა წარმოდგენილი. არც ის ვიცით, რამდენად კმაყოფილი დარჩა მუნიციპალიტეტი ვექტრას გაწეული საქმიანობით. ამ კითხვებზე სატენდერო კომისიის წევრს და მერის მოადგილეს ლაშა ლობჯანიძეს პასუხის გაცემა გაუჭირდა.

ფაქტი კი ერთია - მერიამ ხელშეკრულება „ვექტრასთან“ უკვე მეორედ გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება უკვე დადებულია ჯერჯერობით უცნობია აღნიშნული ცვლილებების შემდეგ მოითხოვს თუ არა სატენდერო კომისია დამატებით გარანტიებს კომპანიისგან იმ პირობების გათვალისწინებით, რომ მათი მოკლევადიანი ფუნქციონირების პერიოდში უკვე მესამე დირექტორს ცვლს. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ასეთ პირობებში კომპანია ნაკისრ ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებას.

ამავე თემაზე:

მიუსაფარი ძაღლების ტენდერში კომპანიის ნაცვლად მაკონტროლებელი ორგანიზაციის ნომერია მითითებული
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები